WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, UFC-ის ყოფილ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს რუსი MMA-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი რამდენიმე თანმხლები პირი თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი კადრები ინტერნეტში გუშინვე გავრცელდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დვალიშვილი და 21 წლის ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ნურმაგომედოვის ჯგუფს ეჩხუბებიან, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე რაოდენობრივად ბევრად აღემატებოდა მათ. მომხდარს გამოეხმაურნენ როგორც UFC-ის მებრძოლები, ისე საზოგადო მოღვაწეები. მათ მკაცრად დაგმეს თავდასხმა, მხარდაჭერა გამოუცხადეს დვალიშვილს და საბა ლაზიშვილის სიმამაცეს გაუსვეს ხაზი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დააკავა და დაკითხა.

მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში შაბათს დაგეგმილი Real American Freestyle (RAF) ტურნირის გამო იმყოფებოდა. ღონისძიებაზე მას UFC-ის ყოფილ მებრძოლ მარლონ მორაესთან დაპირისპირება ელის, ხოლო ნურმაგომედოვის უფროსი ძმა, უმარი, UFC-ის კიდევ ერთ ყოფილ მებრძოლს, იურაია ფეიბერს შეხვდება.

გუშინდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მეტოქეობა დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გუნდს შორის. 2025 წლის იანვარში, UFC 311-ზე, დვალიშვილმა უსმანის ძმა, უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბანტამვეიტის (მსუბუქი წონითი კატეგორიის) ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ამას წინ უძღოდა მებრძოლებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება.

ბოლო თვეებში სიტუაცია კვლავ დაიძაბა: UFC-ის თბილისის ტურნირის წინ დვალიშვილი თბილისში აჰმედ გაჯიმაგომედოვს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ნურმაგომედოვების გუნდთანაა დაკავშირებული. ინციდენტს სოციალურ ქსელებში დვალიშვილსა და უმარს შორის საჯარო დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო დაპირისპირებას ქართველი პოლიტიკოსების მხრიდანაც მოყვა რეაგირება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაგმო თავდასხმა და დაწერა: „მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ. საბა ლაზიშვილი – მაგარი კაცი ხარ!“.

დვალიშვილს მხარდაჭერა ცოტნე ივანიშვილმაც გამოუცხადა: „გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება“.

უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ხაბიბს მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძესა და ბიძინა ივანიშვილთან. ისინი 2024 წლის ივლისში, კიოლნში, საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩის წინ შეხვდნენ ერთმანეთს.

This post is also available in: English