უნგრელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლასლო რობერტ მეზესი, რომელიც 5 აგვისტოს თბილისში მიგრაციის სამსახურმა დააკავა, სასამართლო სხდომამდე ნებაყოფლობით დატოვებს საქართველოს, იტყობინება ადგილობრივი მედია მის ადვოკატზე დაყრდნობით.
„ლასლომ მიიღო გადაწყვეტილება და ის თავად დატოვებს საქართველოს. სასამართლო არ იქნება“, – წერს მისი ქართველი ადვოკატი მარიკა არევაძე „ფეისბუქზე“. „დანარჩენს თავად იტყვის, როგორც კი შესაძლებლობა ექნება“.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, მეზესის ადვოკატ თორნიკე ჯანელიძეზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ თუკი ის ქვეყანას დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში საკუთარი სურვილით დატოვებს, მიგრაციის პოლიციის თანამშრომლები აეროპორტში მიიყვანენ და საქმეს სასამართლო აღარ განიხილავს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასაზღვრო პოლიცია უნგრელ ჟურნალისტს ჯარიმას და ქვეყანაში გარკვეული ვადით შემოსვლის აკრძალვას დაუწესებს.
მეზესი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს აშუქებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 5 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ იგი საქართველოში „კანონიერი საფუძვლის გარეშე“ იმყოფებოდა და ქვეყანაში დაშვებული ყოფნის ვადა გადააჭარბა. თუმცა, მარიკა არევაძემ განაცხადა, რომ მეზესი საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდა.
ჟურნალისტი, რომელიც ადრე „სამოქალაქო საქართველოსთანაც“ თანამშრომლობდა, აქტიურად აშუქებდა საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ის მკაცრად აკრიტიკებდა უნგრეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მხარდამჭერია.
This post is also available in:

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·