ავჭალის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 12 აპრილს, ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ, ავარიულ კორპუსში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოსახლეობის თქმით, კორპუსში არსებული პრობლემების შესახებ მათ არაერთხელ მიმართეს მერიას, მოითხოვეს როგორც კორპუსის გამაგრება, ისე ლიფტების შეკეთება, თუმცა, ამბობენ, რომ მერიიდან გამოხმაურება არ ყოფილა.
მათივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების შახტები ღიაა და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.
დაღუპული მოზარდი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე გადაასვენეს სახლში.
ნახევრადდანგრეული კორპუსი ლიბანის ქუჩის ბოლოში დგას. იმის გამო, რომ შენობა წლებია გრუნტის წყალში „იძირება“, მოსახლეობამ მას „ტიტანიკი“ შეარქვა. შენობის მესამედი გაუკაცრიელებულია - კარ-ფანჯრები ჩამოხსნილია და ავეჯი გაზიდული.
შენობის დანარჩენ ნაწილში მოსახლეობა აგრძელებენ ცხოვრებას და წლებია მერიისგან დახმარებას ელის.
რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.