აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაში პასუხისმგებლობა “რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ” და რუსეთისგან “ადამიანურად მოქცევა” მოითხოვა.
“აპას” ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თვითმფრინავის გარდაცვლილი ეკიპაჟის წევრების ნათესავებს, ასევე გადარჩენილ ბორტგამცილებელს შეხვდა.
ალიევმა აღნიშნა, რომ მან მიიღო ავარიის გამოძიების პირველადი შედეგები, თუმცა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, “ბრალი იმაში, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ ამ კატასტროფაში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ”.
“ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობასა და ადამიანურ ქცევას,” – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობები “დაახშონ ეს ინციდენტი და დაჟინებით მოითხოვონ აბსურდული ვერსიები”, იწვევს სამწუხარო და “სამართლიან აღშფოთებას”.
აზერბაიჯანში 29 დეკემბერს გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაამკაცრა მიგრაციის წესები რუსეთში მუდმივად მცხოვრები რუსებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. ისინი შეიზღუდნენ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადით. ახალი ლიმიტი მოიცავს 90 დღეს წელიწადში.
რეგულაცია ძალაში 2025 წლიდან შევა.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაქო სარკისებურ ზომებს მიიღებს რუსეთში უცხოელების უვიზო ყოფნის ხანგრძლივობის მოთხოვნების გამკაცრების საპასუხოდ, რაც ასევე შემოიფარგლება 90 დღით.
ამჟამად აზერბაიჯანში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა შეუძლიათ შემოსვლიდან 90 დღის მანძილზე. ეს საშუალებას იძლეოდა ქვეყანაში ყოფნის დღეების “განულების”, საზღვრის გადაკვეთითა და უკან დაუყოვნებლივი დაბრუნებით. იანვრიდან ეს აღარ იმუშავებს.
აღნიშნული წესების გამკაცრება მოჰყვა 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომელიც ბაქო-გროზნოს მარშრუტზე დაფრინავდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. 5 ეკიპაჟის წევრის ჩათვლით, 38 მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის დროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.