ავსტრიულმა ავიაკომპანიამ, AUSTRIAN AIRLINES-მა საქართველოში დაიწყო მუშაობა

2 weeks ago 8

ავსტრიულმა ავიაკომპანიამ, AUSTRIAN AIRLINES-მა საქართველოში პირველი რეისი უკვე შეასრულა. დღეიდან, კვირაში სამჯერ, ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდი იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანიასთან მოლაპარაკებები 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

“მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ, აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

AUSTRIAN AIRLINES-ის პირველ რეისს, რომელსაც ვენიდან 136 მგზავრი ჩამოჰყვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, ავიაკომპანიის გაყიდვების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში შტეფან ლინჰარტი, ასევე, აეროპორტების გაერთიანებისა და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები.

AUSTRIAN AIRLINES 1957 წელს დაფუძნდა და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. ის ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოში მუშაობა დაიწყო დაბალბიუჯეტიანმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ. ავიაკომპანია კვირაში 2-ჯერ, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

სრულად წაკითხვა