“ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი...“ - აკა სინჯიკაშვილი სავარაუდო თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

4 days ago 4

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი, სავარაუდო თაღლითობის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს და ჰყვება ისტორიას, რომელიც ბევრს უკვე ეცნო:

“ასეთი ამბების დამალვა არ შეძლება და ყველა ძალიან ყურადღებით იყავით!

მე და დათიკო მოვდიოდით ჭიათურიდან და ავტობანზე დავინახეთ ორმოც წლამდე კაცი და ორსული ქალი. ქალს უკვე დიდი მუცელი ჰქონდა და წელში მოხრილს, ორივე ხელი ზედ ჰქონდა შემოხვეული.

გავუჩერეთ, რა თქმა უნდა და ჩავისვით. გოგო მოვიკითხეთ - მეთქი რამე ხომ არ გაწუხებთ, ან ექიმი ხომ არ გჭირდებათ, ან სად მიდიხართ, პირდაპირ იქ მიგიყვანთ...

გოგო გაფითრებული იჯდა და ისევ კაცმა ამოიღო ხმა - სვანი კაცი ვარო, მესტიელი. ქალი ექიმთან მყავდა თბილისში და ბავშვზე ცუდი ამბები გვითხრესო. აბა ისევ თბილისისკენ რატომ მიდიხართ მეთქი ვკითხე და - საავადმყოფოში ორასი ლარით მეტი გადაგვახდევინეს, გზის ფული არ დაგვრჩა და ზუგდიდის „მარშუტკის“ მძღოლმა გზაში ჩამოგვსვაო. თბილისში ბიძაშვილთან დავრჩებით, საჭმელს მაინც გვაჭმევსო. რა დაგვემართა ხომ ხვდებით, სისხლი გაგვეყინა, მართლა. ბანკის ბარათი არ მაქვსო და იქვე რაც რამე გვქონდა, ყველაფერი ამოვიღეთ და მივეცით. ამით მეთქი მესტიაში ჩადით, ამით წამლები იყიდეთ, ამით საჭმელი იყიდეთ. კომუნალურების ნომერსაც ვართმევდით, მეთქი ჩვენ გადაგიხდით.

კაცი არ გვართმევდა თავიდან, ძალიან მრცხვენიაო, მერე გამოგვართვა ყველაფერი, დიდი მადლობა გადაგვიხადა, ნომერი ჩაიწერა და ბედნიერმა გვითხრა, ახლა მე მივხედავ ჩემს ცოლსო.

მოვდივართ და ვითომ კაი საქმე ვქენით და რაღაცა ეჭვი გვჭამს მაინც რა.

ჯერ ერთი, მესტიელის კილოს, დედამიწაზე ყველა არსებული კილოსგან ვარჩევ და მსგავსი არაფერი ჰქონია.
ზუგდიდის კი არა, დედამიწაზე არცერთი „მარშუტკის“ მძღოლი, ორსულ ქალს უფულობის გამო გზაზე არ ჩამოსვამს. რომც ჩამოსვას, მგზავრები არ მისცემენ საშუალებას.

მერე, რაღაცა ლარიანი კომედი ზარი გააკეთა ტელეფონით, ხმამაღალზე ჩართო და ვიღაც ტიპმა უთხრა, ხომ იცი, ძმაო, მართლა არ მაქვს, თორემ ვიცი რა დღეშიც გყავს ცოლი და ბავშვიო.

მაგრამ ქალი მართლა ორსულად იყო, დავაკვირდით და სახითაც, ტანითაც და ყველაფრით ორსულად იყო და მეთქი არ ვიდარდოთ და იმ მუცელში რომ ზის, იმ ბავშვის საჩუქარი და ჯანმრთელობა იყოს ყველაფერი, რაც მივეცით. თან რანაირი საქმეა, ასე ადგე და კაცს ორსული ცოლის გვერდით უთხრა - აფერისტი ხარო.

რა თქმა უნდა, ვერ მოვისვენე და კარგად გამოვიკითხე ეს ამბავი და იცოდეთ -
ეს ნაბ###ი აფერისტი კაცი, ზოგჯერ მარტო დგას, ზოგჯერ ორსულთან ერთად და ზოგჯერ ბავშვთან ერთად. თითქმის ერთი და იგივე ამბავს ჰყვება ყველასთან და რამხელა ფულს ახევს დღეში ყველას, აზრზე არ ხართ.

ვინმეს აუცილებლად შეგხვდებათ და რომელიმე თუ გაგაჩერათ, იქვე მიულეწეთ კბილები.

რამდენმა ალბათ თავისი ბოლო კაპიკები მისცა, რამდენმა თავის შვილებს მოაკლო და ამ ახვარს გაუვსო ჯიბე. ორსულების და ბავშვების გამოყენებისთვის, სვანების შეურაცხყოფისთვის უბრალოდ იმისთვის, რომ ასეთი ძაღლის გაჩენილია, ორივე ყური ზედვე აახიეთ და არ გააჭაჭანოთ არც ავტობანზე და არცერთი სოფლის გზაზე“, - წერს სინჯიკაშვილი.

სრულად წაკითხვა