"ავტოსტატი" საქართველოდან რუსეთში შეტანილი ავტომობილების რაოდენობას აქვეყნებს

15 hours ago 2

რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ დირექტორმა სერგეი ცელიკოვმა თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში 17,8 ათასი მსუბუქი ავტომობილია შეტანილი.

ცელიკოვის თანახმად, ამით დასტურდება მედიაში მანამდე არაერთხელ გამოქვეყნებული მონაცემები, რომ საქართველოდან მესამე ქვეყნებში (მათ შორის ყირგიზეთსა და ყაზახეთში) ექსპორტისთვის განბაჟებული ავტომობილები რეალურად რუსეთს მიეწოდება, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.

მონაცემები, რომლებსაც ცელიკოვი ეყრდნობა, საჯაროდ ხელმიუწვდომელია, თუმცა ის ოფიციალური „ელექტრონული პასპორტების სისტემიდანაა“ მიღებული.

„ოფიციალურად, საქართველოს გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი თითქოს აკრძალულია. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რეგისტრაციისა და იმპორტის სხვადასხვა სქემა კვლავ მოქმედია“, - წერს „ავტოსტატის“ ხელმძღვანელი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია 111 000 აშშ დოლარის ღირებულების მხოლოდ 5 ავტომობილი, ხოლო მთელი 2024 წლის განმავლობაში - 8 ავტომობილი, რომელთა ღირებულება 158 000 აშშ დოლარი იყო.

ცელიკოვის თქმით, გასულ წელთან შედარებით ავტომობილების ექსპორტი 230%-ით გაიზარდა და საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების 95%-ზე მეტი საკმაოდ ახალია - 2020-2022 წლებშია გამოშვებული.

„საქართველოს გავლით ძირითადად გადაიზიდება ავტომობილები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან, ჩინეთში აწყობილები არ არის. ისინი ზღვით - აჭარის და ფოთის პორტებიდან - ჩადის და შემდეგ სხვა ქვეყნებში იგზავნება. საბოლოოდ ამ ავტომობილების ყველაზე დიდი მომხმარებელი ხდება რუსეთი“, - აცხადებს ცელიკოვი და განმარტავს, რომ „საქართველო ავტომობილებზე დღგ-ს არ აწესებს“, რაც „საბოლოო ფასს საკმაოდ მიმზიდველს ხდის“.

„ავტოსტატის“ მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში მოხვედრილ ახალ ავტომობილებს შორის ლიდერობს Toyota (344 ავტომობილი 2025 წლის იანვარ-ივლისში), მას მოსდევს BMW (203 ავტომობილი). ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე მეორად ავტომობილებს შორის ლიდერობს Volkswagen-ი (2 298 ავტომობილი), შემდეგ მოდის BMW (2 278 ერთეული).

2023 წელს საქართველომ აკრძალა ავტომობილების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში, თუმცა არ აუკრძალავს ამ ქვეყნების მოქალაქეების სახელზე ავტომობილების რეგისტრაცია. შედეგად, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საქართველოში ნაყიდი ავტომობილების საბოლოო დანიშნულების ადგილად დოკუმენტებში ყაზახეთს ან ყირგიზეთს უთითებენ. მედიის ცნობით, ამის შემდეგ ავტომობილები საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ლარსის“ გავლით გადის ექსპორტზე, თუმცა ხშირად რუსეთის ბაზარზე ხვდება.

  • 2024 წლის გაზაფხულზე საქართველომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ავტომობილების რეექსპორტიც აკრძალა. ეს ნაბიჯი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის დემონსტრირება იყო. თუმცა ავტოდილერებმა ვაჭრობის გაგრძელების ალტერნატიულ გზებს მალე მიაგნეს.
  • 2022 წელს - რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტმა 75,8 მილიონი აშშ დოლარი (5 395 მსუბუქი ავტომობილი) შეადგინა. 2023 წელს ის 67 მილიონ აშშ დოლარამდე (4 966 მსუბუქი ავტომობილი) შემცირდა და შემდეგ პრაქტიკულად შეწყდა.
  • ამავდროულად, ოფიციალური მონაცემებით, მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი. ამრიგად, 2023 წელს, საქსტატის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ამ ორ ქვეყანაში ექსპორტირებულია 56 ათასზე მეტი მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია; 2024 წელს - 83 ათასზე მეტი ავტომობილი, რომელთა ღირებულება 1,946 მილიარდი დოლარია; 2025 წლის იანვარ-ივლისში - 48 ათასზე მეტი ავტომობილი, რომელთა ღირებულება 1,185 მილიარდი დოლარია.

ამგვარად, ორ წელიწადსა და შვიდ თვეში საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ავტომობილების მიწოდების ღირებულებამ 4,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, ექსპერტების აზრით, ამ ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ბაზარზე აღმოჩნდა.

საქსტატის მიმდინარე წლის ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის საქართველოში იმპორტის 20% და ექსპორტის 38,5%.

სრულად წაკითხვა