ავუხსენი, რომ არ აქვთ უფლება, რაღაც კომისია შექმნან არაღიარებულ ხელისუფლებასთან – ზურაბიშვილი ბერსეზე

1 day ago 2

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს და აუხსნა საქართველოში არსებული კონტექსტი. მისი თქმით, მათ არ აქვთ უფლება, შექმნან რაიმე საბჭო “ქართულ ოცნებასთან”, მით უმეტეს, რუსულ კანონზე სასაუბროდ.

“მე ახლახანს შევხვდი ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა გაუგებრობაში არიან. კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია. მე ავუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი მხოლოდ ერთ რამეზე – დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა – ხმა ამოიღოს, როცა რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში. ანუ, ძალადობა, უფლებების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება, ამის დაგმობა არის, ალბათ, პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის.

მე ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან. მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის რაში აინტერესებს რუსული კანონი – შეცვლა თუ არ შეცვლა. ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე – ხან მიმაქვს უკან, ხან მომაქვს წინ და ისევ უკან მიმაქვს და ახლა რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამით, ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ. შეიძლება ვიღაცა მოხიბლონ, მაგრამ მოხიბლავენ ამით ვერც ქართვე ხალხის, ვერც ჩვენს პარტნიორებს.რომლებსაც კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. შეიძლება ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე გაერკვევა იმ ტყუილებში, რომლებიც დღეს ახასიათებს ხელისუფლებას. ტყუილებში და პროვოკაციებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართულ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო.

თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა