ავღანეთში 1100-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

2 weeks ago 3

ავღანეთში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დამანგრეველი მიწისძვრის რაიონში. გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის" მიერ დღეს, 2 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 1124 და დაშავებულია 3251 ადამიანი. დანგრეულია 8000-ზე მეტი სახლი.

1 სექტემბრის ღამის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 800 იყო.

დაღუპულთა უმრავლესობა ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარის მცხოვრები იყო. 31 აგვისტოს ღამით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ამ რაიონში იყო. რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურებულია.

ავღანეთის ქუნარის პროვინციის სოფელ მაზარ-დარის მცხოვრებ ბიჭს მიაქვს მიწისძვრის შედეგად დაღუპული ნათესავის, ჩვილის ცხედარი

ავღანეთის ქუნარის პროვინციის სოფელ მაზარ-დარის მცხოვრებ ბიჭს მიაქვს მიწისძვრის შედეგად დაღუპული ნათესავის, ჩვილის ცხედარი

BBC-ს კორესპონდენტების ცნობით, მიწისძვრის რაიონში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა.

ქალაქ ასადაბადის საავადმყოფოს ექიმმა ბრიტანულ მაუწყებელს განუცხადა, რომ 150 პაციენტზე გათვლილმა სამედიცინო დაწესებულებამ 200-ზე მეტი დაშავებული მიიღო, ვითარება ურთულესია, რადგან ათასობით ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩა, საჭიროა კარვები და მედიკამენტები, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ „თალიბანის“ მთავრობასთან უთანხმოება გვერდით უნდა გადადოს და ავღანელებს სწრაფად გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება.

ავღანეთის ქუნარის პროვინციაში 31 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრით გადადგურებული სოფელი

ავღანეთის ქუნარის პროვინციაში 31 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრით გადადგურებული სოფელი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ავღანეთს ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით, რათა ეს დახმარება არ აღმოჩნდეს მმართველი რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, „თალიბანის“ ხელში.

ავღანეთს ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდნენ ჩინეთი, ინდოეთი და შვეიცარია. გაერომ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ფონდიდან ხუთი მილიონი დოლარი გამოყო.

2021 წლიდან, როცა ავღანეთიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ ხელისუფლებაში „თალიბანი“ დაბრუნდა, ქვეყნის საერთაშორისო დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 85%-ის საარსებო წყარო დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია.

სრულად წაკითხვა