დაღუპულთა უმრავლესობა ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარის მცხოვრები იყო. 31 აგვისტოს ღამით მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ამ რაიონში იყო. რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურებულია.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დაღუპული იყო 1400-მდე ადამიანი. თალიბანის წარმომადგენელმა, ჰამდულა ფიტრატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაღუპულთა განახლებული რიცხვი 2205-ს შეადგენს და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ხალხისთვის კარვებია გაშლილი და პირველადი დახმარებისა და სასწრაფო დახმარების მარაგების მიწოდება გრძელდება“, - თქვა ფიტრატმა.
უხეში რელიეფი ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს. თალიბანის ხელისუფლებამ ვერტმფრენები და ჯარისკაცები დაიხმარა გადარჩენილების დასახმარებლად. მაშველებს საათობით ფეხით სიარული უწევთ, რათა მეწყრისა და ქვების ჩამოშლის შედეგად განადგურებულ სოფლებამდე მიაღწიონ.