ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით მივმართავთ შეწყალებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი

4 hours ago 3

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიან, შეწყალებაზე განცხადებას მაშინ შეიტანენ.

„იურიდიულ ნაწილში არანაირი სიახლე არ არის ჯერ-ჯერობით. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რომ შეწყალებაზე, ან მაგდაგვარზე მივმართოთ პრეზიდენტს. თავად ზის ჩვეულებრივად, როგორც იჯდა, მხნედ არის. შეწყალებასთან დაკავშირებით დავსხდებით, როცა დრო მოვა, გავივლით კის, არას, პლუსს, მინუსს, ავწონ-დავწონით და მაგის მიხედვით მივმართავთ განცხადებით შესაბამის ორგანოებს.

არანაირ სიგნალს არ ველოდებით. როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, ბატონი ირაკლი რომ ჩათვლის საჭიროდ, მეც რომ ჩავთვლი საჭიროდ, გამომდინარე ვითარებიდან, აი მაგ დროს უკვე დავილაპარაკებთ შევიტანოთ, თუ არ შევიტანოთ“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყოფილი პრემიერის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე კეთილგანწყობილი პოსტი დაწერა.

„ასე გვიკლავდნენ მამას ციხეში მას შემდეგ, რაც ოჯახმა უარი შევუთვალეთ სააკაშვილის მოთხოვნას, ჩამოშორებოდა ირაკლი პოლიტიკას, ანუ ეღალატა ბიძინა ივანიშვილისთვის!“, — წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს „იმედის“ სიუჟეტს თამაზ თამაზაშვილის შესახებ.

ეს პოსტი გადაზიარებული აქვს ნუნუკა თამაზაშვილს და დასძენს: „უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ…!“

სრულად წაკითხვა