აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

1 hour ago 3

აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიასაშუალება Toplum TV-ს ცხრა წარმომადგენელს 12-13-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მათ შორის არიან ჟურნალისტები, ჟურნალისტთა ტრენერი, პროექტების კოორდინატორები და მედიაორგანიზაციების დამფუძნებლები. ბრალდების მიხედვით, ისინი „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის“ წევრები იყვნენ და დასავლელი დონორებისგან მიღებულ დაფინანსებას აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევით იყენებდნენ.

სასამართლომ შემდეგი სასჯელები გამოიტანა:

  • ალასგარ მამადლი, Toplum TV-ის დამფუძნებელი და მედიის იურისტი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
  • მუშფიგ ჯაბარი, Toplum TV-ის ვიდეორედაქტორი – 13 წელი;
  • ფარიდ ისმაილოვი, Toplum TV-ის ჟურნალისტი – 12 წელი;
  • ელმირ აბასოვი, Toplum TV-ის სოციალური მედიის მენეჯერი – 12 წელი;
  • ალი ზეინალი, IDI-ის ჟურნალისტთა ტრენერი – 14 წელი;
  • რამილ ბაბაევი, IDI-ის პროექტების კოორდინატორი – 13 წელი;
  • ილქინ ამრაჰოვი, IDI-ის პროექტების კოორდინატორი – 13 წელი;
  • აქიფ გურბანოვი, IDI-ის თავმჯდომარე და „მესამე რესპუბლიკის პლატფორმის“ სპიკერი – 15 წელი;
  • რუსლან იზეთლი, „მესამე რესპუბლიკის პლატფორმის“ თანადამფუძნებელი – 15 წელი.

მედია წარმომადგენლების მიმართ გამოტანილ მკაცრ სასჯელს ევროპისა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციები გამოეხმაურნენ.

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციისა (EFJ) და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) განცხადებით, 27 ივლისს ბაქოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაშინებასა და რეპრესიას. EFJ და IFJ მედიის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

აზერბაიჯანის პოლიციამ Toplum TV-ის ოფისი 2024 წლის მარტში გაჩხრიკა, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი პირების უმეტესობა დააკავა.

EFJ-ის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერესმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია შოკირებულია „უკიდურესად არაპროპორციული სასჯელებით“, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს სასამართლო პროცესის პოლიტიკურ ხასიათს და მიზნად ისახავს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.

IFJ-ის გენერალურმა მდივანმა ენტონი ბელანჟემ კი აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს და „არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან და არის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიისა და დაშინების მორიგი მაგალითი.“

სრულად წაკითხვა