აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2 days ago 2

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 16 აპრილს პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და მისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა, იტყობინება სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური 9 თვიანი ვადაა. ამის გამო, „საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა“, აცხადებს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 28 თებერვალს გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც საქართველოს აუკრძალა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც შესაძლოა წლები დასჭრდეს. სადიგოვმა, რომელიც 161 დღე შიმშილობდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობს. სადიგოვი აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა. თუმცა, დაახლოებით ორი წლის პატიმრობის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მან 242 დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა.

საქართველოში იგი გასული წლის აგვისტოში დააკავეს, მანამდე მას საქართველოდან თურქეთში გამგზავრების უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეძლებდა გამგზავრებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა