საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა მას შემდეგ, რაც ქალთა უფლებების დამცველებმა მკვლელობის ფაქტს „შემზარავი ფემიციდი“ უწოდეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ემინ ალიევმა 25 ივნისს თბილისში „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით“ გაგუდა ფატიმა კარიმოვა. ალიევი, სავარაუდოდ, კარიმოვას ნათესავია.
გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვას უზღუდავდა „ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას; უკრძალავდა ოჯახის წევრებთან და მისთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციას, უზღუდავდა სახლიდან გამოსვლისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა „აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა“.
ალიევს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
რამდენიმე აზერბაიჯანული მედიასაშუალების ცნობით, ალიევი თურქეთში დააკავეს.
6 ივლისს, აზერბაიჯანულმა მედიასაშუალება APA-მ, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს პროკურატურას, რომელშიც გამოთქვა „მზადყოფნა, გაუწიოს ყოვლისმომცველი იურიდიული დახმარება და სხვა საჭირო მხარდაჭერა“, რათა უზრუნველყოს საქმის „სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიება“.
This post is also available in:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·