აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც თბილისში საექსტრადიციო პატიმრობაშია და 136 დღეა შიმშილობს, შეწყვიტა წყლისა და მედიკამენტების მიღება, ამის შესახებ ინფორმაცია სადიგოვის მეუღლემ სევიჩ სადიგოვამ 2 თებერვალს მეუღლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
”აფგანმა თქვა, რომ ის ბოლომდე გააგრძელებს მშრალ შიმშილობას. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მშრალი შიმშილობის დაწყებამდე მან უკვე დაიკლო წონაში 42 კგ“, - თქვა სადიგოვამ.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.
ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა", რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენების მოთხოვნით, რათა შეეჩერებინათ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.