ევროპის საბჭოს ახალი ანგარიშის, „SPACE II“-ის, მიხედვით აზერბაიჯანი მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პატიმართა რაოდენობა მაღალია.
დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 271 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, სადაც ყოველ 100 ათას ადამიანზე 458 პატიმარია.
ევროპის საბჭოს SPACE I 2025 ანგარიშის (მდგომარეობა: 2025 წლის 31 იანვარი) მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოზიციები ასეთია:
აზერბაიჯანი – 270.6 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე (ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი; თურქეთის შემდეგ).
საქართველო – 232 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე, რაც ევროპაში მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის შემდეგ).
სომხეთი – 87.3 პატიმარი 100 ათას მოსახლეზე, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ევროპის მედიანური მაჩვენებელი კი 110 პატიმარს შეადგენს. შესაბამისად, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 2,5-ჯერ მაღალია. პატიმართა მაღალი რაოდენობით გამოირჩევიან ასევე თურქეთი, მოლდოვა და საქართველო.
„SPACE II“-ის ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებში იზრდება თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების გამოყენება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად კონტინენტზე პრობაციის ზედამხედველობისა და პირობითი გათავისუფლების სისტემაში მყოფი ადამიანების რაოდენობამ ციხეებში მყოფ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა.
ანგარიშის შესაბამისად, ევროპაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი იმყოფება პრობაციისა და სხვა ალტერნატიული სასჯელების კონტროლის ქვეშ, მაშინ როცა ციხეებში პატიმართა რაოდენობა 1,1 მილიონს შეადგენს.

2 weeks ago
42







English (US) ·
Georgian (GE) ·