WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

აზერბაიჯანი საჭიროების შემთხვევაში მზად არის, უკრაინას ბუნებრივი გაზი მიაწოდოს და ასევე განიხილავს უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენებას რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უკვე მრავალი წელია უკრაინულ ბაზარზე საქმიანობს და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების გეგმებიც აქვს.

„ამჟამად აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის დამატებით, ორმხრივად მომგებიან მიმართულებებზე ძალიან აქტიური და დინამიკური დიალოგი მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში სტრატეგიულ როლს ასრულებს და ბუნებრივ გაზს ევროპის 12 ქვეყანას აწვდის, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია.

„ამ თვალსაზრისით, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, მზად ვიქნებით, ბუნებრივი გაზი უკრაინასაც მივაწოდოთ“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენება, რაც, მისი შეფასებით, უფრო ფართო რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

2025 წლის ივლისში უკრაინამ და აზერბაიჯანმა ტრანსბალკანური დერეფნის გავლით, ბულგარეთისა და რუმინეთის მეშვეობით, უკრაინაში ბუნებრივი გაზის საცდელი მოცულობის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.