აზერბაიჯანი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

2 hours ago 2

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ერთი მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის ვებ-გვერდი იტყობინება.

საბიუჯეტო თანხებს მიიღებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო, რომელმაც უნდა შეიძინოს ელექტრო მოწყობილობები და გააგზავნოს უკრაინაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება. "უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია დოკუმენტში.

2023 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 7,6 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროტექნიკა გაუგზავნა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ღიად ვაცხადებთ ამას, არ ვიმალებით ხის უკან,"-აღნიშნა ალიევმა.

გასული წლის სექტემბერში ბაქომ რუსეთს მოსთხოვა აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების დაცვა ჩეჩნეთში აზერბაიჯანის სამი მოქალაქის – ნიჰად რზაევის, ელხან შირინოვისა და ვუგარ მაჰარამოვის დაკავებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისინი იძულებით გაგზავნეს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

სრულად წაკითხვა