აზერბაიჯანი ჩეჩნეთში AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთში ფრენებს აღადგენს

2 hours ago 3

აზერბაიჯანი მალე აღადგენს პირდაპირ საავიაციო რეისებს რუსეთის მიმართულებით რამდენიმე მარშრუტზე, რომლებიც გაუქმდა ბაქოდან გროზნოში მიმავალი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებით პირდაპირი რეისები, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში ცნობილი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ შეწყდა, მალე აღდგება“, - ბაირამოვის სიტყვებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

15 აპრილს აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში, აქტაუსთან, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მხარეებმა მიაღწიეს შედეგების შესაბამის გადაწყვეტას, მათ შორის კომპენსაციის საკითხს“.

Embraer 190 ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ჰაერში დაზიანდა. თვითმფრინავმა მოახერხა კასპიის ზღვის თავზე გადაფრენა და აქტაუმდე ჩასვლა, სადაც დაშვებისას ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეორე დღეს, Reuters-მა და Euronews-მა, აზერბაიჯანში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ გასროლილი რაკეტა გახდა და პილოტებს საგანგებო დაშვების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს. თვითმფრინავს კასპიის ზღვის თავზე აქტაუს მიმართულებით ფრენის ბრძანება მიეცა, ხოლო მისი ნავიგაციის სისტემები არ მოქმედებდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩამოვარდნაში რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულა და მისი ხელმძღვანელობისგან „ჰუმანური ქცევა“ და კომპენსაცია მოითხოვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან ოთხი დღის შემდეგ ბოდიში მოუხადა, თუმცა მოსკოვმა ინციდენტზე პასუხისმგებლობა უარყო.


რუსეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობის უარყოფის ფონზე, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაუარესდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა გაამკაცრა რუსებისთვის იმიგრაციის წესები და ბაქოში „რუსული სახლი დახურა. მაისში ალიევი მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმს არ დაესწრო, ხოლო Azerbaijan Airlines-მა რუსეთის რამდენიმე ქალაქში რეისები გააუქმა.

სრულად წაკითხვა