აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი იანვრამდე გახანგრძლივდა- 17 სექტემბერს შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
სპეციალური საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადდა და მას შემდეგ მისი მოქმედების ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2027 წლის 2 იანვრამდე იმოქმედებს.
გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული შესაძლო შედეგების პრევენციაა მითითებული.
საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებიდან უცხო ქვეყნებში გადაადგილებაზე. გამონაკლისია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი, რომლის მოძრაობაც 26 მაისს აღდგა.
როგორც meydan.tv წერს, მატარებლით მგზავრები, მათ შორის, ბილეთების სწრაფად ამოწურვის, გაყიდვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და მაღალი ფასების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გამოცემის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ 118 მგზავრზე გათვლილი მატარებელი პრობლემას სრულად ვერ აგვარებს და გამოსავალი სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნაა.
netgazeti