WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მძიმე შეფასებებით და მინიშნებებით კონკრეტულ ფაქტებს (და ჭორებს) იხსენებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია:

ეს ჩემი პოსტი ერთგვარი ისტორიული რემინისცენციაა. შეიძლება ზოგიერთებმა უვარგისად ან უდროოდ ჩათვალონ, მაგრამ როგორც ვიცით (იმედი მინდა ვიქონიო, რომ ვიცით), ვინც წარსულს დაივიწყებს, იმას მომავალი არ უწერია.

ორიოდე დღის წინ გადავწყვიტე ჩემი მესინჯერი გამეწმინდა ძველი, წლების მანძილზე დაგროვილი მიწერ-მოწერისგან და ერთგან წავაწყდი ერთ ჩემს ნაცნობთან საუბარს, სადაც ვეკითხებოდი, რატომ დადე შენს კედელზე პოსტი, რომ სანდრა ორგანოებს ყიდდა-მეთქი. ის კარგი, კეთილი და კარგი საქმის მკეთებელი ადამიანია, თანაც პოლიტიკიდან შორს მყოფი და მის სახელს არ დავწერ.

ამ საუბარმა გამახსენა ის ისტერიული ვაი-ვიში და მოთქმა ამ თემაზე, რამაც მთელი საქართველო მოიცვა. ათასობით კი არა, ათობით ათასმა ადამიანმა დაიჯერა ის აბსურდული ჭორი. და ეს იმ პიროვნებაზე, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოში. ჩემი უკიდურესი აღშფოთების გარდა, სულ ვფიქრობდი, როგორ წარმოედგინა ამ ხალხს ეს უაღრესად რთული ოპერაცია, რომელიც მაქსიმალურ სტერილიზაციას საჭიროებს და რომელიც ტარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ორგანოს მიმღები პაციენტი უკვე მზად არის ოპერაციისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ამოჭრილი ორგანო უკვე უვარგისია. ალბათ მათ ასეთი სურათი წარმოედგინათ: სანდრა შეცუნცულდებოდა რომელიმე ციხის კამერაში, ჩიკ-ჩიკ, იქვე, სახლიდან წამოღებული დანით, ამოაჭრიდა საცოდავ პატიმარს თირკმელს, ფილტვს, ან რაიმე სხვა ორგანოს, ეგებ გულსაც, გაახვევდა ცხირსახოცში, წაიღებდა სახლში, შეინახავდა მაცივარში და მერე ყიდდა შავ ბაზარზე.

სწორედ ასეთი მენტალობის დონეზე მყოფი ადამიანები დაიჯერებდნენ იმასაც, რომ პატიმრებს ციხეში ცოცხებით აუპატიურებდნენ. ეს კიდევ ერთი, წარმოუდგენლად აბსურდული რამ, მგონი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაიჯერა. მახსოვს რა უზარმაზარი, რა ღრიანცელიანი აქციები ტარდებოდა „პატრიოტი“ და პატიმრების გულშემატკივარი ქართველების მიერ, რა გაუთავებლად დაათრევდნენ ისინი ცოცხებს და დრონებითაც აფრიალებდნენ მათ, როდესაც სადმე ნაციონალური მოძრაობის აქცია ტარდებოდა. როგორ უნდა იყო მოკლებული ელემენტალური აზროვნების უნარს, რომ ეს დაიჯერო!

ყოველ ჩვენგანს საკმაოდ ხშირი და ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენი სხეულის ანატომიასთან და უკანალში ცოცხის გარჭობა როგორ უნდა მიეღოთ ჭეშმარიტებად, ვერ წარმომიდგენია.

როგორც პირველი, ეს მეორე ჭორიც რომ კაგებეს მიერ მოფიქრებული, დაგეგმილი და მათი ქართველი ხელქვეითების მიერ შესრულებული გეგმა იყო, ჩემთვის მაშინაც ცხადი იყო. მახსოვდა, რომ ციხის ზედამხედველმა, ბედუქაძემ, რომლმაც მისი უპრიმიტიულესად დადგმული, მაგრამ ჩვენი გულუბრყვილო ხალხისთვის სრულიად მისაღები ციხის კადრების გავრცელებისთვის რუსეთიდან ჯილდოც მიიღო. მინდოდა აქ ზუსტი ინფორმაცია დამედო ამის შესახებ და აი, რა ფაქტები მოვიპოვე:

• В Москве в 2013 году Бедукадзе получил специальную награду «за мужество и информационный прорыв в СМИ». (მოსკოვში, 2013 წელს ბედუკაძემ მიიღო ჯილდო „მამაცობისა და ინფორმაციული გარღვევისთვის სმი-ში)
• Другой источник сообщает, что награждение проходило в Большом зале Федерации мира и согласия в Москве. (მეორე წყარო გვაცნობებს, რომ დაჯილდოება ტარდებოდა „მშვიდობისა და თანხმობის ფედერაციის“ დიდ დარბაზში)
• Есть также публикации о том, что Бедукадзе получил в Москве денежный приз и компьютерную технику за передачу тюремных видеозаписей. (არსებობს ასევე პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ ბედუქაძემ მოსკოვში მიიღო ფულადი ჯილდო და კომპიუტერული ტექნიკა ციხის კადრების გადაცემის გამო.)

გასაკვირი არ არის, რომ ზემოთ აღნიშნული ფანტასტიური ჭორების დამჯერებლებს ისიც სჯეროდათ, რომ როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ისინი დადგებოდნენ რიგში შუშის კრემატორიუმის წინ და მიღებდნენ ათასობით ლარებს, “უფასო ფულს”.

აი, ამ ხალხის შუასაუკენეების სიბნელიდან ამოთრევა და ოცდამეერთე საუკუნეში შეყვანა, მათი ცივილიზებულ სამყაროსთან შეერთება სურდა მიხეილ სააკაშვილს. გასაკვირი არ არის, რომ დამარცხდა. ასეთი გიგანტური ცვლილება არაერთ ათწლეულს მოითხოვს. კაგებე კი მის და მისი თანამოაზრეების საქმიანობას საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა.

ყოველივე ამის შემდეგგ ძალიან ძნელია ადამიანს კიდევ ჰქონდეს რაიმე იმედი, მაგრამ მე მაინც ვებღაუჭები იმედის პაწაწინა რტოს. მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ახალი თაობა შესძლებს ამ სიბნელიდან გამოსვლას და ქვეყნის გადარჩენას იმ უფსკრულიდან, რომლისკენაც მას გეზი აქვს აღებული“, – წერს დოდონა კიზირია ფეისბუქის პირად გვერდზე.