1
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ცხადია, ახალი წელი მომავლის იმედების დღესასწაულია, ყველა წინ იყურება და ღმერთს ახალ, სიკეთის მომტან თავგადასავლებს შესთხოვს. ჩვენთან ახალი წელი ძველი, კეთილი, განსაკუთრებული ამბების გახსენების დღეც არის.
მაგალითად გუშინ ჩვენს სუფრაზე ასეთი სცენა გაცოცხლდა:
საღამოა, მრგვალი ბაღიდან დაღმართზე ეშვება ერთი დაბალი, სრულად გაჭაღარავებული, ნაომარი სამოცი წლის კაცი, ძალიან ჩქარობს, ჭავჭავაძის პროსპექტი გადაკვეთა და ხელმარცხნივ მოუხვია, ფოსტისკენ მიიჩქარის… შევარდა დეპეშების განყოფილებაში და ელვა შეტყობინება აფრინა პოლარული წრის მიღმა, არხანგელსკის მხარეში განლაგებულ სამხედრო ბანაკში, სადაც მისი ოცი წლის ბიჭი ჯარში მსახურობს:
“ქართული ენა კვლავ სახელმწიფო ენად გამოცხადდა”.
ოჯახისგან, მეგობრებისგან, ქვეყნისგან და სამყაროსგან მოწყვეტილ, მარადი მზრალობის მხარეში გადასროლილ ჯარისკაცს დილას აცნობეს, რომ მის სახელზე ელვა-დეპეშა იყო მოსული. გული ფეხებში ჩაუვარდა, დედას ხომ არ სჭირს რამე! იქნებ მამაა ავად! ბიჭებმა ხომ არ აუტეხეს რაიმე საკუთარ თავს!
კონვერტის გახსნის შემდეგ ორმაგი შვება იგრძნო ალჩომ. ყველანი კარგად არიან და დიდი ეროვნული ამბავიც გამარჯვებით დასრულებულა.
აი, მამობაც ასეთი უნდა… მერე რა, რომ საბჭოთა იმპერიასა და “ზასტოის” პერიოდში ცხოვრობ! მერე რა, რომ შვილი 4000 კმ-ის დაშორებით გადის სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ძალიან შორსაა! მას მაინც უნდა აგრძნობინო, რომ ქვეყნის ბედი მისი პირადი საქმეა, საქვეყნო სიხარული კი მისი და მისი ოჯახის პირადი სიხარულია!