“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახური” – უფროსის მუქარის გამო მოქალაქემ სამსახური დატოვა

1 week ago 19

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყოფნის გამო უფროსი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამის შემდეგ, ნაივაძემ თავად დატოვა პოზიცია, ამბავი სოციალურ ქსელში გაახმაურა და განაცხადა, რომ “სწორედ ამას ებრძვის” საპროტესტო აქციებში მონაწილეობით.

“ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა.) მეძახის და მეუბნება: გუშინ “იმედზე” გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო, [მითხრა] რომ დაურეკეს და უთხრეს,  გავეფრთხილებინე. მე ვუპასუხე არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, აქციებზე ვიყავი და ისევ ვიქნები, სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ მეთქი. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მითხრა: “აირჩიე: ან პოლიტიკა, ან სამსახური”. ვინც მიცნობთ კი იცით, რომ საკადრისს პასუხს გავცემდი.

აი, ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე დაშინებით, მოსყიდვით, სამსახურიდან გაგიშვებ მუქარით და ამდაგვარი ხერხებით ცდილობს ეს მთავრობა შეინარჩუნოს ძალაუფლება (ისევე როგორც პუტინი შვება რუსეთში). სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ. აღარ გვინდა ესეთი რეალობა. ჩვენ ვართ ევროპელები და ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა”, – წერს პავლე ნიავაძე სოციალურ ქსელში.

ნიავაძე ტექნიკურ დეპარტამენტში IT სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვინც ნიავაძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა,  გიორგი არევაძე. “ნეტგაზეთი” მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა არევაძემ არც სატელეფონო ზარზე და არც შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სიპია.

სრულად წაკითხვა