ალან ბერსეს ჩვენთან შეხვედრისას რუსულ კანონზე არ უსაუბრია – სამოქალაქო ორგანიზაციები

1 day ago 1

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსესა და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსული კანონის საკითხი განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა” და “საფარის” აღმასრულებელი დირექტორები, ნინო დოლიძე და ბაია პატარაია წერენ.

“გუშინ [19 დეკემბერს], პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები.

ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

“მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბერსესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვევებზე და ჩვენი მოთხოვნები უცვლელად გავაჟღერეთ: 1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს; 2. ახალი არჩევნები საქართველოს.

არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმი უნდა დასრულდეს!”, – წერს სოციალურ ქსელში ბაია პატარაია.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, “რათა ქართულ მხარესთან ერთად ე.წ. უცხოური გავლენის კანონი შეიცვალოს”. მან თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” რუსული კანონის შეცვლაზე გარანტიები მიიღო.

თუმცა, ბერსეს პრესკონფერენცია დასრულებულიც კი არ ჰქონდა, როცა მას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თუ სამუშაო ჯგუფი დაადგენს, რომ რუსული კანონი მისაღებია, ის არ შეიცვლება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა