მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთხიათასლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული.
აღკვეთის სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ალეკოს ელისაშვილის ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა გარემოებები, რომლებიც ალეკო ელისაშვილის პატიმრობაში დატოვებას ამართლებდა, ის არც ბრალის კვალიფიკაციას ეთანხმებოდა.
ადვოკატის თქმით "ალეკო ელისაშვილი არის უდანაშაულო. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ვიდეოშიც ჩანს, რომ ალი ბაბაევის მხრიდან განხორციელდა რკინის ჯოხით ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობა. ალეკო არის დაზარალებული. უნდა დაისაჯონ რეალური დანაშაულის ჩამდენი პირები”.
პროკურორმა ანა მეტრეველმა შუამდგომლობაში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. ბრალდების მხარის განმარტებით, საფრთხეები მაღალი ხარისხის აღარაა და პატიმრობა ნაკლებად საჭიროებს ძალაში დატოვებას.
ელისაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას გუნდის წევრები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ.
16 დეკემბრის სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.
ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად დააკავეს „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.
სასამართლოზე ელისაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბაბაევმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური დაპირისპირებისას კი ეცადა ელისაშვილისთვის რკინის ჯოხის ჩარტყმასაც, რასაც, ადვოკატებისვე თქმით, თავად ბაბაევიც ადასტურებს. ელისაშვილი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას იმ დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.