ალეკო ცქიტიშვილი: "მომიწია განმარტება, რომ კრიმინალი არ არის სიტყვებში "გავიმარჯვებთ სახელოვნად"

3 days ago 1

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეზე, - რომელსაც მედიაში „პირბადეების საქმედ“ მოიხსენიებენ და რომლის ფარგლებშიც მათ ანგარიშები დაუყადაღეს, - თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ უთხრა რადიო თავისუფლებას, მოელოდა, რომ შეკითხვები იქნებოდა "ადამიანის უფლებათა სახლთან" დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც 29 აპრილს მოხდა მისი პირადი ჩხრეკა და სახლიც გაჩხრიკეს. ალეკო ცქიტიშვილის "ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის წევრია.

"ველოდი რომ შეკითხვებს დასვამდნენ "ადამიანის უფლებათა სახლის" ფონდთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" დაკავშირებითაც აინტერესებდათ და თანაბრად სვამდნენ შეკითხვებს", - თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, "შეკითხვები იყო ისეთი ტიპის, რაც ზოგადად ისმის პროპაგანდისტული რუსული მედიიდან და ასევე „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისგან".

"ეს არის მათ ფობიებზე და მიზნებზე მორგებული საკითხები - ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, საიდან ირიცხება თანხები, ვინ არიან დონორები - ასეთი ზოგადი კითხვები იყო. უფრო კონკრეტული კითხვები შეეხებოდა "ადამიანის უფლებათა სახლის" საქმიანობას, კონკრეტულად ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით. ამაზე ადრეც, ჩხრეკის მიმდინარეობისასაც ჰქონდათ ინტერესი და შესაბამისად, რაიმე ახალი კითხვები არ ყოფილა", - უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისი განცხადებით, გამოკითხვისას იყო "კურიოზული სიტუაციებიც", რომლებიც უკავშირდებოდა აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულთათვის თანხების შეგროვებას.

"თვითონაც ვერ ერკვევიან, რა არის დანაშაულებრივი იმაში, რომ მოქალაქე მეორე მოქალაქეს უხდის ჯარიმას ან ორგანიზაცია მოქალაქეს უხდის ჯარიმას ისე, რომ ურიცხავს ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანად .. ასევე ამოწერილი ჰქონიათ ამ ჯარიმის გადახდის ქვითრები და მოქალაქე თუ წერდა დანიშნულებაში „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ და ასე რიცხავდა ამ თანხას "ადამიანის უფლებათა სახლის" ანგარიშზე, ამაში ეძებენ კრიმინალის ნიშნებს. მე მათ განვუმარტე, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სიტყვები, რომელიც იბრძოდა და თავი გაწირა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს ახლაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, და ის, რომ "გავიმარჯებთ სახელოვნად" და ქართველ ხალხი გაიმარჯვებს რუსულ რეჟიმზე სახელოვნად, ეს მოხდება, ამას უნდა ელოდოს რეჟიმი და ამაში არაფერი კრიმინალური არ არის", - თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებით, მთლიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრული საქმის მიზანი არის მათი საქმიანობის შეჩერება.

"იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ "ადამიანი უფლებათა სახლის", არამედ ცენტრის მიმართაც დასვეს შეკითხვები, ეს ნიშნავს, რომ საქმე რაც არის აღძრული ვერაგი ადამიანების საჩივრის საფუძველზე, ვგულისხმობ ნანა კაკაბაძეს და გელა ნიკოლაიშვილს, ამ სამარცხვინო ორ ადამიანს, რომლებიც უფლებადამცველების მანტიით საქმიანობდნენ აქამდე და პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს ადამიანი უფლებების დამცველების წინააღმდეგ ე.წ. საბოტაჟის მუხლით, ეს საქმე ეხება ყველას განურჩევლად და ამ საქმის მიზანი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, რეპრესიების გაძლიერება, რაც რიგ შემთხვევაში, შეიძლება დასრულდეს დაპატიმრებით, რაც არის სუფთა რუსული სცენარი", - თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.

საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

როგორც საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ უთხრა მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, გამოძიებას კითხვები სწორედ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების პერიოდში, ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით აქვს.

„აქციების პერიოდში, მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე ჩარიცხულია თანხები, მათ შორის თანხები ჩარიცხულია პოლიტიკოსების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით - „სახელოვნად გამარჯვებისთვის“ . შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რა თანხებია, ვისზე უნდა გაემარჯვა და რა იყო დანიშნულება. ასევე, ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ იყო ორგანიზატორი და რა იყო მათი საერთო მიზანი“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ალეკო ცქიტიშვილის გამოკითხვის დაწყებამდე.

ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხეს:

  • 8 სექტემბერს - ISFED-ის მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი;
  • 5 სექტემბერს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მან განმარტა, რომ „წიწაკის სპრეი“ ორგანიზაციამ შეიძინა თანამშრომელი ქალებისთვის, „სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად“;
  • 4 სექტემბერს - „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან თქვა, რომ პროკურორებს არ წარმოუდგენიათ „არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“;
  • 3 სექტემბერს - „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაარსებიდან „მუდმივად იცავს ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“;
  • 3 სექტემბერს - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი;
  • 9 სექტემბერს - „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
  • „დემოკრატიის მცველები“;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება“.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა“, - წერია მათ მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა