ალიევი საქართველოს „აგენტების კანონს“ ეხმაურება - „მედია უცხოეთიდან არ შეიძლება ფინანსდებოდეს“

4 days ago 2

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და „აგენტების კანონს“ ეხმაურება და ამბობს, რომ „კარგია, რომ ვითარება სტაბილურობისკენ მიდის“; ახალ ინტერვიუში იგი აკრიტიკებს „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“.

„გაირკვა, რომ საქართველოში ფუნქციონირების ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იღებს დაფინანსებას დასავლეთისგან. ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ, იღებენ, სავარაუდოდ, ათიათასობით დაფინანსებას, თუ მეტს არა“, - განაცხადა ალიევმა 18 დეკემბერს რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში და დასძინა:

„ჩვენ ეს ყველაფერი აქ უკვე მოვაგვარეთ“.

ინტერვიუ ალიევთან რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის - „სახელმწიფო ტელერადიო კომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости) ჩაწერა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა.

„მაგალითად, აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან არცერთი პროცენტით. არ შეიძლება. რატომ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში? მათ რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია“? - განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ალიევმა „რადიო თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ხელისუფლებისადმი „დაქვემდებარებულები“ უწოდა, - რაც ცრუ ინფორმაციაა და რეალობას არ შეესაბამება.

ალიევმა განაცხადა:

„ისინი [აშში-ის ხელისუფლება] თავიანთი დაქვემდემდებარებული რესურსებით, „ამერიკის ხმითა“ და „რადიო თავისუფლებით“, დღედაღამე ტალახს ესვრიან ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ჩრდილს აყენებენ ჩვენს გამარჯვებას სომხეთთან“.

„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. „ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ კი არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს​. „რადიო თავისუფლების“ სარედაქციო დამოუკიდებლობა ასევე ამერიკის კანონმდებლობით არის გარანტირებული.

ავტორიტარულ აზერბაიჯანში „ამერიკის ხმის“ და „რადიო თავისუფლების“ ოფისები 2009 და 2014 წლებში დაიხურა. ამჟამად „ამერიკის ხმა“ აზერბაიჯანულ ენაზე ვაშინგტონიდან მუშაობს, „ამერიკის ხმის“ სათავო ოფისიდან, რადიო თავისუფლება კი - პრაღიდან, საკუთარი სათავო ოფისიდან.

პრეზიდენტმა ალიევმა კვლავ ისაუბრა საქართველოს შესახებ:

„მე მგონია, გარკვეული დრო ხელიდან იქნა გაშვებული საქართველოში, რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო. და ეს როდესაც გაკეთდა, მატარებელი ცოტა ხნის ჩავლილი იყო. კარგია, რომ ვითარება სტაბილურობისკენ მიდის“.

ამის შემდეგ მან გააკრიტიკა საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი ემანულ მაკრონი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მაკრონის კვალზე ისაუბრა.

„კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

სრულად წაკითხვა