ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, ღიად პრორუსული და ანტილიბერალური მოძრაობა „ალტ-ინფო“ საჯარო რეესტრმა 22 აპრილს დაარეგისტრირა, როგორც პოლიტიკური პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“.
2024 წელს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მას ანტი-კორუფციულმა ბიურომ პარტიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა. თუმცა გავრცელებული მოსაზრებით, რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ხმების გაერთიანების თაობაზე „ქართული ოცნების“ მცდელობებს უკავშირდებოდა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ალტ-ინფოს“ წევრები „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ, რათა საპარლამენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, სადაც მათ პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, „ალტ-ინფოს“ ფინანსური მიზეზების მოტივით თავისი ტელეარხის დახურვაც მოუწია.
„ვარეგისტრირებთ, იმიტომ რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ”, – უთხრა რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა კონსტანტინე მორგოშიამ 28 თებერვალს.
საჯარო რეესტრის მიერ პრორუსული პარტიის დარეგისტრირება რამდენიმე თვით უსწრებს წინ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, რომელშიც ბევრი პროევროპული პოლიტიკური ძალა, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.
პრორუსული, ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომლის ლიდერებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა, მთელი რიგი ძალადობრივი ქმედებებითაა ცნობილი, რომელთა შორისაა არაერთი ძალადობა ლგბტ თემის მიმართ პრაიდის ღონისძიებების დროს და ევროკავშირის დროშების საჯარო დაწვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/11/2023 – ამიხსენი | რას წარმოადგენს მოძრაობა „ანტი-მაიდანი“?
- 08/07/2023 – მოძალადე ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” ფესტივალი ჩაშალეს
This post is also available in: English (ინგლისური)