რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანები სხვადასხვა პროფესიებს წარმოადგენენ.
მსახიობი სალომე ჭულუხაძე Ambebi.ge- ს ებნება, რომ ახლა კი არა, აქციაზე 2012 წლიდან დგას, თუმცა როგორც გაირკვა, აქციაზე 2007 წელის 7 ნოემბერსაც მდგარა.
"ხელისუფლება, რომელიც წითელ ხაზებს გაკვეთს, ვინც არ უნდა იყოს, უნდა ახსოვდეს, რომ ამას საზოგადოება არ აპატეიბს და მის იმ ქმედებას ყოველთვის გააპროტესტებს,“ - აღნიშნავს მსახიობი.
სალომე ჭულუხაძე Ambebi.ge - ს კითხვებს პასუხობს.
- გასული წლის 28 ნოემბრიდან სხვა რეალობის პირისპირ აღმოვჩნდით. ამდენი დღეა ხალხი საპროტესტო აქციებზე დგას... ამ ყველაფერს როგორც მსახიობი, მოქალაქე როგორ აფასებთ?
- ჯერ მოქალაქის ჭრილიდან შევაფასოთ, რადგან მგონია, რომ დღეს ყველა უპირველესად მოქალაქე ვართ და პროფესიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს აქციებში მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან სერიოზული ბრძოლა მიდის თავისუფლებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის... პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, ჩემი მშობლები ასევე იბრძოდნენ. დღეს მე მიწევს ბრძოლა და დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შვილსაც არ მოუწიოს იმავე ბრძოლაში ჩართვა.
მსახიობები აქტიურად ხართ აქციებში ჩართული...
- მსახიობების და საერთოდ ცნობილი სახეების აქტივობა ძალიან საჭიროა, რომ პროტესტის ხმამ ყველგან მიაღწიოს. დღესდღეობით მგონია, რომ სხვა ხერხებსაც უნდა მივმართოთ, ამისთვის ყველანაირი სივრცე უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ, არა მარტო მსახიობმა, ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ.
- დაჭერილები არიან მსახიობები და ასევ არაერთი ადამიანი სხვადასხვა სფეროდან... უმძიმესი იყო დეკემბრის პირველი 2 კვირა. ეს ყველაფერი ემოციურად რა იყო თქვენთვის?
- ყველანი ყოველდღე იქ ვიდექით, ყოველდღე იმ კოშმარს გავდიოდით. ერთი-ორჯერ შინ ბავშვი ვერ დავტოვე და აქციაზე ვერ გავედი. ის დღე სრული კოშმარი იყო, ეგეთი კოშმარი მართლა არ დამსიზმრებია... მაგ პერიოდში იმდენად ვერ ძლებ სახლში, რომ გინდა იქ იდგე... აქციაზე პირიქით, ოპტიმისტურად ხარ და იმის იმედი გაქვს, რომ რაღაცას შეცვლი. ამის სახლიდან ყურება შეუძლებელია.
ამ ყველაფრის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება საშინელი დარდი და სიბრაზე მიპყრობს. ხანდახან დიდი უიმედობაც, რასაც ძალიან ვებრძვი. ფაქტია, რომ ადამიანებში დიდი უსამართლობის განცდა არსებობს. ამიტომ, ყველა ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. მთავარია ჩვენი პროტესტი, ადამიანების მიმართ თანადგომა ერთი დღეც არ გაჩერდეს. მომხრე ვარ, რომ ყველაფერი მოვიცვათ და საღამოს, ყველა ერთად, რუსთაველზე შევიკრიბოთ ხოლმე. ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს.
არსებობს ხალხი, რომელიც ამ პოზიციას მხარს არ უჭერს...
- გული მწყდება, რომ დღემდე არსებობს ხალხის რაღაც რაოდენობა, რომლებიც დიდ ინფორმაციულ ვაკუუმშია. ამაში სამთავრობო არხებს დიდი წვლილი მიუძღვით. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ყველას მოეკითხება პასუხი. სულ მაინტერესებს, რა ხდება რეგიონებში და როდესაც ვიგებ, რომ სრული ინფორმაციული ვაკუუმია, ძალიან ვწუხვარ... სოციალური ქსელებით კი ხდება ადამიანების ინფორმირება, მაგრამ კიდევ რაღაც ხერხებია გამოსაყენებელი. საქართველო მარტო თბილისი არ არის, მაგრამ ამ დახშული გარემოს შექმნაზე "ოცნებამ“ 12 წელი იმუშავა, თან რომ გვაშინებენ "გლობალური ომის პარტიით". არც განათლების სფეროს მიხედეს და არც არაფერს... ჰგონიათ, რომ ვერაფერს ვხდებით, თუნდაც იმას, რატომ არ მიხედეს განათლებას და რატომ არ უნდათ, განათლებული ერი ჰყავდეთ; დიახ, იმასაც ვხვდებით, თუ რატომ შემოიტანეს ამდენი ნარკოტიკი და რატომაა ის ხელმისაწვდომი. ჩვენი დაშტერება უნდათ. არ გამოუვათ!
- რეგიონები ვახსენთ, მაგრამ დედაქალაქში, აქვე, თქვენივე კოლეგების ნაწილი არანაირ პოზიციას არ გამოხატავს. ამბობენ, აპოლიტიკურები არიან და პოლიტიკაში არ ერევიან. რას ფიქრობთ ამაზე და რას ეტყოდით მათ?
- მგონია, რომ სათქმელი პირადად უნდა ვუთხრათ, ვისთანაც ლაპარაკი მოგვიხდება და იმედია, მოგვიხდება... ერთადერთი იმას ვეტყოდი, რომ მომავალში, დარწმუნებული ვარ, პირადად თუ არა, გულში მაინც მადლობას გადაგვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძვით მაშინ, როცა თვითონ ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული. იმისთვისაც ვიბრძვით, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ კარგი მომავალი. უმეტესობას, ვისაც შესაძლებლობა აქვს (გინდაც მსახიობებს, ან რეჟისორებს, ვინც ხმას არ იღებს და პოზიციას არ აფიქსირებს), უმეტესობის შვილები ევროპაში სწავლობენ ან თვითონ მოგზაურობენ იქ... ცოტა გულში ჩაიხედონ, გაიხედონ რუსთაველზეც - რა ხდება და შეაფასონ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ აფიქსირებენ პოზიციას?
- არ ვიცი, ეს კითხვა მეც მაქვს - ვიღაცები ალბათ მოსყიდულები არიან, სხვანაირად როგორ შეიძლება?! ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, ერთმა კაცმა, მსახიობმა ისეთი რაღაცები მოითმინა, როდესაც გადაცემის წამყვანმა მსახიობები მეძავებს შეგვადარა. ამის ყურება შეუძლებელი იყო - იქ იჯდა და თავს უქნევდა. ამის მერე მაგ ადამიანებზე აღარც ვფიქრობ... ვთვლი, რომ ეგენი ჩვენი სოციუმის წევრები არ არიან.
- სალომე, ეს აქციები შედეგს მოიტანს?
- რა თქმა უნდა. სხვანაირად შეუძლებელია. მართლა წითელი ხაზი იყო, როცა გამოგვიცხადეს, რომ ევროპისკენ სვლას ვაჩერებთო...
- აქ მნიშვნელოვანია ფრაზაა, - "ჩვენ გადავწყვიტეთ“...
- ერთპიროვნული მმართველობაა და აბა, სხვა ვინ გადაწყვეტდა?!. კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს. ჰგონიათ, რომ კიდევ 90-იან წლებში გაზრდილი ახალგაზრდები დგანან რუსთაველზე? ამ თაობას არაფრის ეშინია - საბჭოთა კავშირი ამ ბავშვებმა არ იციან, რა იყო... ეს ვერ გათვალეს.
- გამოსავალი რა არის ამ პოლიტიკური კრიზისიდან?
- ეგ რომ ვიცოდე, კარგი იქნებოდა... მთავარი ისაა, რომ მოქალაქეების პროტესტი უნდა გაგრძელდეს, უნდა დაინახოს "ოცნებამ", რომ ეს არ გაუვათ. არ გავჩერდებით. ჩვენი მოვალეობაა, ვაკუუმში მყოფ ხალხს რამენაირად გავაგებინოთ, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს ცუდია. ხომ შეიძლება ვიღაცას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, საკმარისი განათლება, რაღაცებში სათანადოდ ჩახედული არ არის, ამიტომ წყნარად, აგრესიის გარეშე, ისე, რომ მათი აღელვება არ გამოვიწვიოთ, უნდა ველაპარაკოთ... იმ ხალხს, ვინც 2007 წლის 7 ნოემბერზე ასე აღშფოთებით ლაპარაკობს (ისე, 7 ნოემბერიც მაქვს გადატანილი, იქაც ვიდექი), უნდა დავანახოთ, რომ დღეს იმაზე უარესი ხდება...
საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, მთავრობის სათავეში ვინ დგას, ვინც ცუდს აკეთებს, გადადის თავისუფლების ზღვარს, იმას ვეწინააღმდეგები. შემდეგ ვინც მოვა, იმანაც უნდა იცოდეს, რომ თუ ასევე არასწორად მოიქცევა, ეს არ გაუვა. უნდა იყოს კოალიციური მთავრობა... მოკლედ, ყველამ უნდა იცოდეს, კონსტიტუციის დარღვევაზე კი არა, პატარა რამის დარღვევაზე ზუსტად ასეთი ამბავი ატყდება...
წყარო: ambebi.ge