როგორც ხედავთ, ისევ აქ ვარ!
ამა წლის 15 იანვარს, განხორციელდა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი
ძალადობრივი თავდასხმა ჩასაფრებით, ჩემზე და ფაქტობრივად ჩემს გუნდზეც, რომელსაც
ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და რომლის დამკვეთიც, ავტორიც გახლდათ
ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით,
მათ შორის საჯაროდაც, ეს ბევრს ნანახიც გაქვთ, მაგრამ დღეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,
რომ მე საქმე არ მაქვს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლებთან, მე საქმე მაქვს
მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ჩვენს
ქვეყანაში, ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე,
ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც
ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ჰყავს
აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება, ჩვენ კი ყველაფერი
უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაკარგოს ფულიც და დაკარგოს ძალაუფლებაც.
მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა
ხაზზე!
ახლა რაც შეეხება თავდასხმის დღეს, თქვენ იცით, რომ ვიმყოფებოდი ბათუმში, ჩვენი
პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როცა დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“
იქ დამხვდა რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, შესული არ ვიყავი უკვე
ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას, ეს იყო
ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე
დროს ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი
უკვე დაცარიელებული იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან.
მას შემდეგ, რაც სასტუმროში შევედი, თავდამსხმელები მოძრაობდნენ სპეციალურად ისე,
რომ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მათ თავდასხმაზე
მოვახდინე რეაქცია – ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ჯგუფურად
ფიზიკურად თავს დამეხსნენ და როგორც მითხრეს ექიმებმა, გონება დავკარგე და მანამ,
სანამ სასწრაფოს თანამშრომლები არ დამეხმარნენ, უბრალოდ გონზე ვერ მოვედი.
მადლობა მინდა გადავუხადო სასწრაფოს თანამშრომლებს.
ამ ყველაფრის მოყოლა მე მიწევს რატომ ?! დღეს როგორც მიმდინარეობს გამოძიება და
როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, რომ ისინი არ
აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას და ამაზე ჩვენ მიგვითითებს რამდენიმე
რამ:
პირველი, ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ ეს აღმოჩნდა ერთი
კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ გაქრა კამერის
ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა სასტუმრო „შერატონის“
მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს ვიდეოკადრები გამქრალიყო, მაგრამ მიუხედავად ამ
ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად
დაადგენს, ვინ მონაწილეობდა ამ თავდასხმაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ
იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი… მოკლედ, ყველაფერს.
საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი დაშინების და
განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა იღებს შემდეგ პასუხს – მე თითოეულ
საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ
ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე, ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა რეპუტაცია და სახე, ის მცირე ნდობა,
რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს
თავისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება.
ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე და გჯეროდეთ, რომ
მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ!