„უწყვეტი საპროტესტო აქციების ორი თვე და გამოჩენილი ჟურნალისტი ქალის, რეგიონული მედიის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღე“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
„მისი საქმე აჩვენებს საქართველოს რუსულ საპოლიციო სახელმწიფოდ ქცევის საფრთხეს და ის უნდა იყოს ევროკავშირში მიმდინარე დებატების ეპიცენტრში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი და მიმართავს:
- კაია კალასს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში;
- ალან ბერსეს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს;
- ასევე, ევროპის საბჭოს.
27 იანვარს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ გზავნილში სალომე ზურაბიშვილი, მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეების, საზოგადოების დიდი ნაწილის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, წერს: „გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი“.
21 იანვარს ზურაბიშვილმა ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადა და პლატფორმა X-ზე დაწერა: „მზია ამაღლობელო, შენ მარტო არ ხარ ამ ისტორიულ ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისათვის“.
- მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს და უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე;
- როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- 300-ზე მეტი ჟურნალისტი, - არაერთ საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად, - მის გათავისუფლებას ითხოვს.
- ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.