დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში დააყენეს.
ასე უპასუხა მან ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ბრენდან ოჰარას მიერ მიწერ კითხვას.
„რა შეფასება მისცა მისმა [სტივენ დაუთის] უწყებამ იმ პოტენციურ გავლენას საკუთარ პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონეს — ქვეყანაში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიზანში ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დარჩენის კონტექსტში?“, – ჰკითხა ბრენდან ოჰარამ სტივენ დაუთის.
პასუხად სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ ერთგული რჩება საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერის.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას, რომლის საქმეც საჯაროდ და პირად შეხვედრებშიც წამოვჭერით საქართველოს ხელისუფლებასთან.
გაერთიანებულმა სამეფომ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის მისი, როგორც მიზნობრივი ქვეყნის, მიმზიდველობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს თავად ბიზნესები იღებენ, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, როგორც ჩვენი უფრო ფართო ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილს“, – აცხადებს სტივენ დაუთი.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·