ამბავი კიბოს პირველი ვაქცინის შექმნისა

2 months ago 37

როდის გვაღირსებენ კიბოს ვაქცინას?

საზოგადოებრივ სივრცეში ეს შეკითხვა დროგამოშვებით წამოყოფს ხოლმე თავს და უამრავი სპეკულაციის საგანიც ხდება. ზოგს შეთქმულების სუნი სცემს – თითქოს არსებობს, მაგრამ ბოროტი ხალხი გვიმალავს. ზოგიც კი ამტკიცებს, რომ ცოტაც და პირველი ნემსი გვექმნება, რომელსაც გაიკეთებთ და ვერაგი დაავადებისგან სამუდამოდ დაცული იქნებით.

მაგალითად, ორიოდე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აქაოდა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძალიან მადარდებსო, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი კიბოს ვაქცინის შექმნასთან ძალიან ახლოსააო. ოღონდ პუტინს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის კიბოს პრევენციას ისახავს მიზნად მის მიერ ნახსენები ვაქცინები.

დღეს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები მართლაც ცდილობენ, ამ დაავადების სამკურნალო სხვადასხვა მეთოდი განავითარონ. ჯერჯერობით ჯადოსნური ნემსი, რომელიც ყველანაირი სიმსივნისგან დაგიცავთ, არავის გამოუგონია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კიბოს ვაქცინა არ გვაქვს. კიბოს ვაქცინები არსებობს, ხელმისაწვდომია და დღეს უკვე მილიონობით ადამიანსაც იცავს ნაადრევი სიკვდილისგან.


ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, გაეროს ასოციაცია


კიბოს გამომწვევი ვირუსები

რატომ არის ასეთი რთული „კიბოს ვაქცინაზე“ მუშაობა? კიბოს, ანუ ონკოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი არაგადამდებ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. გადამდები, ანუ ინფექციური (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი) დაავადებებისგან განსხვავებით, არაგადამდებ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია. მათი განვითარება ხშირად გენეტიკური, ფიზიოლოგიური, გარემო და ქცევითი ფაქტორების ერთობლიობას უკავშირდება.

მაგალითად, კიბოს უჯრედული მუტაციები იწვევს. ცხოვრების არაჯანსაღი წესის, სტრესისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით ჩვენი უჯრედი შეიძლება „გადაგვარდეს“ და უკონტროლო გამრავლება დაიწყოს. ეს უკვე სიმსივნეა. თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ კიბოს გამოწვევა ვირუსსაც შეუძლია.

ვირუსებისა და კიბოს კავშირის აღმოჩენისა და შესწავლის მნიშვნელოვანი ეტაპი 1964 წელს ეპშტეინ-ბარის ვირუსის აღმოჩენა იყო. ვირუსი ბურკიტის ლიმფომასთან (B-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომა) არის ასოცირებული. მოგვიანებით, დოქტორ ჰარალდ ზურ ჰაუზენის კვლევებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) როლი დაადასტურა, რისთვისაც მან 2008 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. სხვა ასეთ ვირუსებს მიეკუთვნება B და C ჰეპატიტი, რომლებიც ღვიძლის კიბოს რისკს ზრდის, ადამიანის T-ლიმფოტროპული ვირუსი ტიპი 1 (HTLV-1), რომელიც ლეიკემიასთანაა ასოცირებული, და სხვა.

თუკი დღეს კიბოს ვაქცინები არსებობს, ეს სწორედ ამ ცოდნის დამსახურებაა: კიბოს გამომწვევი ვირუსის პრევენციის გზით კიბოს პრევენციაც შესაძლებელი გახდა. პირველი ასეთი ვაქცინის შექმნა კი ბარუხ ბლუმბერგის, ამერიკელი ექიმისა და გენეტიკოსის, აღმოჩენას უკავშირდება.

ბლუმბერგის გარღვევა

1960-იან წლებში ბლუმბერგი სხვადასხვა ადამიანში ერთსა და იმავე ვირუსულ ინფექციაზე განსხვავებული რეაქციის მიზეზებს იკვლევდა – რატომ გადაჰქონდა ზოგს ვირუსული ინფექცია მსუბუქად, სხვას კი – რთულად. ამისთვის მეცნიერი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სისხლის ნიმუშებს აგროვებდა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დაავადების მიმდინარეობასა და შედეგებზე გავლენას გენეტიკური განსხვავებები ახდენდა.

კვლევის ფარგლებში ბლუმბერგი განსაკუთრებით ჰემოფილიით დაავადებულთა სისხლის შრატით ინტერესდებოდა. ჰემოფილია, როგორც წესი, მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის დროსაც ქვეითდება სისხლის შედედების უნარი და მცირედი დაზიანების ან ჭრილობის შედეგად პაციენტმა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობის სისხლი დაკარგოს. ამიტომ, ამ დაავადების მქონე ადამიანები ხშირად საჭიროებენ სისხლის გადასხმას.

მეცნიერი ვარაუდობდა, რომ მრავალჯერადი სისხლის გადასხმის შედეგად ასეთი პაციენტების სისხლში მეტი ალბათობით მოხვდებოდა ისეთი ვირუსული ანტიგენები – ანუ სისხლის შრატის უცხო ცილოვანი ნაწილაკები – რომლებიც მათ თავად არ მიუღიათ მემკვიდრეობით, მაგრამ მათ სხეულში დონორების სისხლიდან აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში ჰემოფილიით დაავადებული პაციენტის ორგანიზმი ანტიგენებთან იმუნურ რეაქციაში შევიდოდა და ანტიგენის საწინააღმდეგო უნიკალურ ანტისხეულებს წარმოქმნიდა.

კიბოს ვაქცინები არსებობს, ხელმისაწვდომია და დღეს უკვე მილიონობით ადამიანსაც იცავს ნაადრევი სიკვდილისგან.

კვლევაში დიდი გარდატეხა მაშინ შევიდა, როცა ავსტრალიელი აბორიგენის სისხლში არსებული ანტიგენი მოულოდნელად ჰემოფილიით დაავადებული ნიუ-იორკელი პაციენტის სისხლში არსებულ ანტისხეულთან შევიდა რეაქციაში. ნიუ-იორკელის ორგანიზმისთვის „ავსტრალიური ანტიგენი“ ნაცნობი აღმოჩნდა: განსხვავებით დღევანდელი დღისგან, როდესაც დონორის სისხლი არაერთ ინფექციაზე, მათ შორის B ჰეპატიტზე მოწმდება, იმ პერიოდისთვის ამ ინფექციების გამოსავლენი ტესტების დიდი ნაწილი არ არსებობდა. ამიტომ სისხლის მრავალჯერადი გადასხმის შედეგად ის მანამდეც იყო ამ ანტიგენით ინფიცირებული და იმუნიტეტიც ჰქონდა გამომუშავებული.  კვლევები გაგრძელდა და “ავსტრალიის ანტიგენს” B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) ეწოდა. ასე აღმოაჩინეს B ჰეპატიტის ვირუსი.

ვირუსის აღმოჩენამ ინფექციური დაავადებების გარშემო არსებული მიდგომები თავდაყირა დააყენა. დაიწყო B ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო ტესტების შემუშავება და აღმოაჩინეს, რომ  B ჰეპატიტის პრევენციას ღვიძლის კიბოს პრევენციაც შეეძლო. ბარუხ ბლუმბერგს 1976 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა დარგში მისი მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინ იყო.

პირველი ნემსი კიბოს წინააღმდეგ

ბლუმბერგი კვლევებს უკვე ირვინგ მილმანთან, ცნობილ ეპიდემიოლოგთან და მიკრობიოლოგთან ერთად განაგრძობდა და 1982 წელს მორიგ დიდ გარდატეხასაც დაუდეს საფუძველი: ორმა მეცნიერმა Heptavax-B – ანუ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნა. ეს ე.წ. პლაზმური წარმოშობის ვაქცინა იყო, ანუ მათ იმ დონორების სისხლისგან ამზადებდნენ, რომლებსაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები უკვე გამომუშავებული ჰქონდათ.

ასე შეიქმნა კიბოს გამომწვევი ვირუსის და, შესაბამისად,  კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა.

1986 წელს კომპანია Merck & Co.-ის მეცნიერებმა დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით და გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით Recombivax HB – ანუ B  ჰეპატიტის ახალი ვაქცინა შექმნეს.  ახალ ვაქცინას დონორებისგან მიღებული  პროდუქტები აღარ სჭირდებოდა, რამაც  ვაქცინის წარმოების პროცესი უფრო ეფექტური და უსაფრთხო გახადა. თუმცა სიტყვები „გენეტიკური ინჟინერია“ და „დნმ ტექნოლოგიები“ ნუ შეგაშინებთ: აქ საქმე ვირუსის გენებს ეხება, უფრო კონკრეტულად კი B ჰეპატიტის ვირუსის დნმ-ის სპეციფიკურ ნაწილს, რომელიც ჩვენთვის უკვე ნაცნობ ზედაპირულ ანტიგენს (HBsAg ცილას) წარმოქმნის. ზედაპირული ანტიგენი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომლის ამოცნობაც ადამიანის იმუნურ სისტემას შეუძლია და მასზე რეაგირებს – ანუ იმუნიტეტს გამოიმუშავებს.

ერთი აცრა ადამიანს ერთდროულად იცავს B ჰეპატიტისგან, მისგან ნასაზრდოები კიბოსგან და D ჰეპატიტისგან, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებს ემართებათ.

მეცნიერებმა ვირუსიდან ეს გენი ამოიღეს და მისი კოპირება, ანუ სხვადასხვა ლაბორატორიული ტექნიკის გამოყენებით მისი დნმ-ის თანმიმდევრობის დუბლირება მოახდინეს. კოპირებული გენი საფუვრის უჯრედებში თავსდება, რომლებიც უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმოქმნიან გენით განსაზღვრულ HBsAg ცილას, ანუ ზედაპირულ ანტიგენს. წარმოქმნილი ანტიგენი გროვდება და იწმინდება. სწორედ გაწმენდილი ანტიგენის ამოცნობა და მის  წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია სხეულის იმუნურ სისტემას. გაწმენდილი ანტიგენი გამოიყენება ვაქცინის შესაქმნელად და სხეულში მოხვედრისას იმუნურ რეაქციას დაავადების გამოწვევის გარეშე იწვევს.

ერთი ასეთი აცრა ადამიანს ერთდროულად იცავს B ჰეპატიტისგან, მისგან ნასაზრდოები კიბოსგან (ჰეპატოცელულარული კარცინომისგან) და D ჰეპატიტისგან, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანებს ემართებათ.

„გამძლე“ ვირუსი

მართალია, B  ჰეპატიტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, მაგრამ ვირუსი მსოფლიოს მის იდენტიფიცირებამდე დიდი ხნით ადრეც ტანჯავდა. მისი მსგავსი დაავადებები საუკუნეთა მანძილზე აღიწერებოდა, უძველესი კვალი კი ნეოლითის ეპოქის ჩონჩხებზე აღმოაჩინეს. ეს უძველესი გენომები ვირუსის ისეთ ვერსიებს წარმოადგენენ, რომლებიც დღეს ადამიანებში აღარ გვხვდება – თუმცა ინფექცია მსოფლიოში დღესაც აქტიურად განაგრძობს გავრცელებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად HBV-ით ინფიცირების 1.5 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ნავარაუდევია, რომ 2019 წელს მსოფლიოში ქრონიკული B ჰეპატიტით 296 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და ინფექციის შედეგად კი მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

მაინც რა აქცევს B ჰეპატიტს დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ინფექციურ დაავადებად? HBV თავისი გამძლეობითაა ცნობილი. ვირუსს ორგანიზმის გარეთ გადარჩენა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში შეუძლია, რაც მას აივ-ინფექციასთან და C ჰეპატიტის ვირუსთან (HCV) შედარებით ბევრად უფრო მდგრადს ხდის. ეს თვისება ზრდის გარემო ზედაპირების ან ინსტრუმენტების საშუალებით ვირუსით ინფიცირების რისკს, განსაკუთრებით კი ჯანდაცვისა და ესთეტიკის სფეროში. განსაკუთრებულმა მედეგობამ B ჰეპატიტი ერთგვარ ეტალონადაც აქცია სამედიცინო სექტორში დეზინფექციისა და სტერილიზაციის სტანდარტების შესაფასებლად, რაც, როგორც წესი, პათოგენების გამძლეობის უნარის საპირწონედ დგინდება.

B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში ვაქცინაციის გზით კიბოს პრევენციის პირველი და ყველაზე პირდაპირი ფორმაა.

თუმცა ყველაზე ხშირად ვირუსი მშობიარობისას დედიდან ნაყოფზე გადაცემის გზით ან სისხლით ვრცელდება. ინფიცირების სხვა წყაროებს შორისაა სამედიცინო ინტრუმენტებთან დაკავშირებული შემთხვევები, პირსინგი ან ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი, როგორიცაა ნერწყვი, სპერმა, მენსტრუალური სისხლი და ვაგინალური სეკრეტი. მართალია, B ჰეპატიტი არ ითვლება სქესობრივი გზით გადამდებ ხშირ ინფექციად, მაგრამ ამ გზით გავრცელების შემთხვევაში მთავარ რისკ ჯგუფს აუცრელი და მრავალი სქესობრივი პარტნიორის მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან.

ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების რისკი ყველაზე მაღალი 5 წლამდე დაინფიცირების შემთხვევაშია, რის გამოც ბავშვებს ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა საავადმყოფოში, დაბადებიდანვე უკეთდებათ.

B ჰეპატიტთან ბრძოლა დღეს

B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტური საშუალება არ არსებობს. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება B ჰეპატიტის ვაქცინის აქტიურ გამოყენებასთან ერთად დაიწყო. ვაქცინის ათვისება მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა ხდებოდა და ვაქცინაციით ფართო მოცვის ფონზე B ჰეპატიტის გავრცელება 2018 წლისთვის 90 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში ვაქცინაცია 2002 წლიდან მიმდინარეობს. ახალგაზრდებში უკვე ინფიცირების ერთეული შემთხვევებიღა აღირიცხება – და ეს მაშინ, როცა 2002 წლამდე დაბადებულებს შორის ჰეპატიტების მაღალი გავრცელების ქვეყნების სიაში ვართ. ჩვენთან B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ვაქცინაცია უფასოა. ვაქცინაცია სავალდებულოა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვისა და მედმუშაკებისთვის.

ვაქცინაციით ფართო მოცვის ფონზე B ჰეპატიტის გავრცელება 2018 წლისთვის 90 პროცენტით შემცირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, 2030 წლისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის, დიაგნოსტიკური ტესტების, მედიკამენტებისა და საგანმანათლებლო კამპანიების მეშვეობით 4,5 მილიონი ნაადრევი სიკვდილის პრევენციაა შესაძლებელი. ჯანმო-ს გლობალური ჰეპატიტის სტრატეგია მიზნად ისახავს 2016-2030 წლებში ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90 პროცენტით და სიკვდილიანობის 65 პროცენტით შემცირებას.

დღესდღეობით ამ მონაცემებისგან ძალიან შორს ვართ. სამაგიეროდ, ვაქცინით კიბოს პრევენციასთან იმაზე ბევრად ახლოს ვართ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია: B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კაცობრიობის ისტორიაში ვაქცინაციის გზით კიბოს პრევენციის პირველი და ყველაზე პირდაპირი ფორმაა.

რაც შეეხება კიბოს საწინააღმდეგო თერაპიულ (სამკურნალო) ვაქცინებს, ამაზე მეცნიერები მართლაც მუშაობენ, რის შესახებაც უფრო ვრცლად სხვა დროს მოგიყვებით.

სრულად წაკითხვა