ვისკონსინის შტატის მკვიდრმა, 45 წლის რაიან ბორგვარდტმა (Ryan Borgwardt) საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა ცოლისა და სამ შვილისგან გაქცეულიყო და საქართველოში საყვარელ ქალთან ჩამოსულიყო. ამის შესახებ CNN წერს.
გასული წლის აგვისტოში უოტერთაუნელი რაიან ბორგვარდტი ტბა გრინ-ლეიკზე გაუჩინარდა. მისი მანქანა და ტრაილერი მიტოვებული იპოვეს.
ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. რვაკვირიანი აქტიური ძებნის შემდეგ მაშველებმა რაიანის გადაბრუნებული კაიაკი და სამაშველო ჟილეტი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ტბაში სათევზაო ანკესი, საფულე, გასაღები და მამაკაცის მართვის მოწმობა იპოვეს.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ გაუჩინარებამდე ორი თვით ადრე ამერიკელმა პასპორტის დაკარგვის შესახებ განცხადება შეიტანა და ახალი დოკუმენტი აიღო.
შემდეგ მან ფული ერთ-ერთ უცხოურ ბანკში გადარიცხა, შეცვალა თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი, აიღო 375,000 დოლარის ოდენობის სადაზღვევო პოლისი და, ასევე, ვაზექტომიის (მამაკაცთა კონტრაცეფცია, რომელიც ქირურგიული ჩარევით მიიღწევა) რევერსული პროცედურა ჩაიტარა, რითაც ბავშვის ჩასახვის უნარი აღიდგინა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ბორგვარდტი გაუჩინარებისთვის ემზადებოდა.
მოგვიანებით თავად მამაკაცი გამოვიდა კავშირზე. მისი თქმით, 2024 წლის 11 აგვისტოს, ღამით თავად გადააბრუნა კაიაკი ტბაზე და გასაბერი ნავით ნაპირამდე მიცურა, შემდეგ ელექტროველოსიპედით 112 კმ გაიარა მედისონამდე, იქიდან კი ავტობუსით კანადაში, ტორონტოში გაემგზავრა. კანადიდან ბორგვარდტი პარიზში ჩაფრინდა, შემდეგ „აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში“ გაემგზავრა და ბოლოს „ევროპულ ქვეყანაში, ჯორჯიაში“ [თბილისში] ჩააღწია. იქ მას უზბეკეთიდან ჩასული შეყვარებული ელოდა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე ონლაინ გაიცნო. როგორც მოგვიანებით მამაკაცმა გამომძიებელს უთხრა, მან თავის შეყვარებულთან ერთად რამდენიმე დღე სასტუმროში გაატარა, სანამ საქართველოში ბინას იქირავებდა და საცხოვრებლად გადავიდოდა.
პოლიცია ბორგვორდტს 2024 წლის ნოემბერში დაუკავშირდა და დაარწმუნა, დეკემბერში შეერთებულ შტატებში დაბრუნებულიყო. სასამართლომ მას 89-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ბრალის აღიარების შესახებ პროკურატურის მიერ მიღწეულ შეთანხმებაში იყო რეკომენდებული, პროკურორი გრინ-ლეიკის საოლქო მოსამართლეს 45-დღიან პატიმრპობას სთხოვდა სასჯელის სახით, თუმცა მოსამართლემ 89-დღიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა – სწორედ ამდენი დღე დახარჯეს სამართალდამცველებმა მის ძებნაში.
გარდა ამისა, მან 30 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაიხადა, რითაც სამძებრო ოპერაციის ხარჯები დაფარა.
22-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლი ბორგვორტს მისი აშშ-ში დაბრუნებიდან 4 თვის შემდეგ – მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაშორდა.
ნანა ძნელაძე