ამერიკელმა სამხედროებმა ავიაიერიში მიიტანეს იემენელი ჰუთების ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე

5 days ago 8

ამერიკელმა სამხედროებმა იემენის დედაქალაქ სანაში ავიაიერიში მიიტანეს მეამბოხე ჰუთების ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე.

შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 16 დეკემბერს ზუსტი ავიადარტყმა განახორციელეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ძირითად სამეთაურო პუნქტზე, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილსა და ადენის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო სატვირთო გემებზე თავდასხმების კოორდინირების ცენტრი იყო.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ მომავალშიც მტკიცედ დაიცავს ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის სამხედროების, რეგიონული პარტნიორების და საერთაშორისო ნაოსნობის უსაფრთხოებას.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში სხვადასხვა ქვეყნის გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის ნოემბრიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.

ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს. ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

სრულად წაკითხვა