შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა- მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 14 ძირი „კანაფი“ და 3 თუნუქის ქილაში მოთავსებული „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო მოწყობილობები, 25 150 ლარი, 670 აშშ დოლარი და 120 ევრო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.