სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა საქართველოს ყოფილი პრემიერის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკის დამატებითი დეტალები.
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 17 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების 24 ბინა და საცხოვრებელი სახლები. ოპერაციაში 230-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
სუსის ცნობით სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრო მოწყობილობა
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები შეისწავლიან ამ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებულ ინფორმაციას და ადგენენ ამოღებული ნაღდი რეალური წარმომავლობას.
ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დაიგეგმება შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებები და სამართლებრივი რეაგირება შესაბამის პირთა მიმართ - აცხადებს სუსი.
ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.
- ოთარ ფარცხალაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იკავებდა - 2023 წლის 21 ნოემბერს დანიშნული გენერალური პროკურორი 30 დეკემბერს გადადგა. ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა (რუსეთისთვის უკრაინის ომში მხარდაჭერის გამო) და აშშ-ის („რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“) მიერ.
- ირაკლი ღარიბაშვილი 2024 წლის 29 იანვარს გადადგა. მის შემცვლელად კი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
- სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.