ანალენა ბერბოკი  „მიზანმიმართულ სანქციებსა“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს

1 month ago 11

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ოფიციალური დებატების გამართვისკენ მოუწოდა და ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ „მზარდი ავტორიტარული პოლიტიკა“ დაასახელა. მისი თქმით, გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის „საქართველოს ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და მიზანმიმართული სანქციების დაწესებას“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „პროგრესის ნაცვლად“, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველომ „საგანგაშო უკუსვლა“ განიცადა. ბერბოკი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მკაცრად გაკრიტიკებულ არჩევნებს, დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევას, უცხოელი აგენტების შესახებ სადავო კანონსა და ლგბტქი+ უფლებების შეზღუდვასაც შეეხო. „ქართული ოცნება ხელიდან უშვებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ისტორიულ შესაძლებლობას“, – განაცხადა ბერბოკმა.

„ევროპა ცხოვრობს [ქართველების] გულებში; პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ დაშინებით, ძალადობით და წყლის ჭავლით პასუხობენ“, – განაცხადა ბერბოკმა. მან „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდა „ყველაფერი გააკეთონ მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, რათა დაიბრუნონ ნდობა და ქართველ ხალხს მომავლის რეალური პერსპექტივა მისცენ“. განცხადება არ შეიცავს მოწოდებებს კონკრეტული გადაწყვეტილებების, მათ შორის ვადამდელი არჩევნების თაობაზე, რაც როგორც მომიტინგეები, ისე ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიზისიდან გამოსვლის ერთდაერთ გზად მიიჩნევენ.

გერმანიამ უკვე მოახდინა რეაგირება „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ სვლაზე, მის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩეროს, ასევე პოლიციის ძალადობაზე მომიტინგეების მიმართ. 4 დეკემბერს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ განაცხადა, რომ საქართველოსთან არც ახალი განვითარების პროექტები დამტკიცდება და არც რაიმე ახალი სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება. გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული გზაიდან საქართველოს გაადახვევის ეკონომიკურ შედეგებს და აღნიშნა, რომ უცხოური ინვესტიციების შეჩერება მიმდინარეობს და ამის მაგალითად ჰაიდელბერგ ცემენტის ქართული ბაზრიდან გასვლა დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა