ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა 129,62 ქულით დაასრულა, მთლიანობაში მოკლე პროგრამის მაჩვენებელთან ერთად 198.61 ქულა დააგროვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია 68.99 ქულით პირველ ადგილზე იყო, მან თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი საქართველოს სახელით ზედიზედ მეორედ მოიპოვა, პირველად კაუნასში 2024 წელს, 2023 წელს კი ფინეთის ქალაქ ესპოოში ჩემპიონი გახდა და საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა კონტინენტის პირველობაზე.
ევროპის ჩემპიონი ასპარეზობის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ესტონელი ნინა პეტროკინა გახდა, რომელმაც ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატში საპრიზო ადგილი პირველად მოიპოვა; მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის გუშინ, 30 იანვარს საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მამაკაცთა შეჯიბრებაში ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა და თავისუფალი პროგრამით პირველ თებერვალს იასპარეზებს. ასევე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ რიტმულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზე არიან.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს სახელით (ვიდეო)