„ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ ადამიანურად გასამართლებაც კი, კანონის შესაბამისად, ეზარებათ. ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ ვართ მძევლები. ჩვენ ვართ მძევლები, რომლებიც ცოცხლად არიან დამარხული. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ჩვენ ტყვეები ვართ.
ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, საფუძვლის გარეშე, მერე საერთოდ შეწყვიტეს პასუხის გაცემა, უბრალოდ დადუმდნენ. ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც აღარც ფარისევლობენ. ჩვენ დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. დაგვხოცავენ, თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ, ჩვენზე ლაპარაკობთ და გვეხმარებით. ცოცხლები ვართ, სანამ თქვენ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს ცხოვრებას“, - თქვა საბოლოო სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ. ის თვეების განმავლობაში, სასამართლო სხდომების პარალელურად მუდმივად საუბრობდა დაკავების დროს მის წინააღმდეგ ძალადობაზე, მათ შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სექსუალურ შევიწროებაზე პოლიციელების მხრიდან. გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა პოლიციელების შესაძლო გადაცდომებით.
12 სექტემბერს დასკვნით სიტყვაში ანასტასია ზინოვკინამ კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარას, "რომ შენ იყვირებ, ტკივილისგან დაიტანჯები და არცერთი ექიმი არ მოვა". მან დაამატა, რომ ეს მუქარა უკვე სრულდება.
"ეს არის პოლიციელის განხორციელებული მუქარა, რომელმაც ციხეში მომიყვანა. მან მითხრა, ეს შენი სამუდამო სამყოფელი იქნება, შენ აქ მოკვდები. იცი რატომ მოკვდები?! შენ მოგწამლავენ. მან მითხრა არა მოგწამლავენ, არამედ შენს სიკვდილს განახორციელებენ, შენ ტკივილისგან იყვირებ, მაგრამ შენთან არავინ მოვა. შეიძლება ითქვას, რომ 9 თვის განმავლობაში იყო მოწამვლის 2 შემთხვევა. [...] რამდენიმე დღის წინ მე ჩემი საჭმელი თეფში მივაწოდე გოგონას [თანამესაკნეს]. წელი მტკიოდა და ვერ შევძელი ჭამა და ეს გოგონა, რომელმაც ეს საჭმელი შეჭამა, დღემდე ტემპერატურით წევს, მას აღებინებს, ძალიან ცუდად არის. მან შეჭამა საჭმელი, რომელიც მე მეკუთვნოდა“, - თქვა ანასტასია ზინოვკინამ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, რომელმაც არაერთი დემონსტრანტის საქმე განიხილა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანტისამთავრობო, პროევროპული აქციების ყველა მონაწილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
სამოქალაქო და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრად შეიძლება ჩაითვალოს 60-ზე მეტი ადამიანი.
გამამართლებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა მხოლოდ მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი ადამიანის შემთხვევაში. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების საქმეები თავიანთი არსითა და შემადგენლობით ჰგავდა მათ საქმეებს, ქართულმა სასამართლომ რუსეთის სამივე მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
საქალაქო სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმის განხილვის პარალელურად, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა იმ პოლიციელს, რომელსაც ზინოვკინა მასზე ზეწოლასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა.
ირაკლი მუხათგვერდელს, რომლის წინააღმდეგაც საქმე აღძრულია არა დემონსტრანტებზე ძალადობის, არამედ 2025 წლის 24 მაისს თბილისში ავტომანქანიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის გამო, წინასწარი პატიმრობა არ შეჰფარდებია. ის გირაოს სანაცვლოდ არის თავისუფალი და საპროცესო გარიგებას ელის პროკურატურისგან.