ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

2 weeks ago 4

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპული აქციებისას სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ექვს პირს.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, ჯანო ყარჩაიას და გურამ მირცხულავას გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

დაბაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხალხი დარბაზში შეძახილებით შეხვდა: „სირცხვილი! სირცხვილი!“

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„ბატონო მოსამართლევ, შემიძლია დავიფიცო ძმა, არასდროს მიმიღია არანაირ ძალადობაში მონაწილეობა. არც არავინ მომიქცევის ჩემი ზეგავლენის ქვეშ არასდროს. ყველანაირად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. გთხოვთ შემიფარდოთ გირაო, როგორც ამას ჩემი ადვოკატი ითხოვს“, - მიმართა მოსამართლეს ონისე ცხადაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია აქ არის“, - უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.

რუსლან სივაკოვი: „საქართველოში სამუშაოდ ჩამოვედი. ავადმყოფი ძმა მყავს, სიმსივნე აქვს და მის დასახმარებალად. დემონსტრაციაზე წასასვლალელად აქ არ ჩამოვსულვარ“.

“სახელმწიფო ცდილობს, რომ ჩვენ მაგალითად წარმოგვადგინოს, … წასვლა რომ მდომოდა, ამ აქციაზე არ ვიდგებოდი, სადაც მოქალაქეების მომავალს ვიცავთ” - უთხრა მოსამართლეს ლუკა ჯაბუამ.

ჯგუფური ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს, 11 საათზე გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.

მათ ნაწილს 6-7 დეკემბერს უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა.

სრულად წაკითხვა