ინფორმაცია ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე გააჟღერა.
მიგინეიშვილის თქმით, ჭიჭინაძის ტელეფონი დაკავების შემდეგ ექსპერტიზის სამსახურში წაიღეს, ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე არ ყოფილა, თუმცა 6 აპრილს, ანდრო ჭიჭინაძემ „ვოტსაპში“ ერთ-ერთი ჩატი დატოვა და აპლიკაცია წაშალა.
„ანუ ვიღაცამ ანდრო ჭიჭინაძის ნაცვლად დატოვა ჩატი. ვიკითხეთ და ექსპერტიზამ დაგვიდასტურა, რომ ეს ტელეფონი იყო დალუქული და სამხარაულის ბიუროში. მანამდე ეყენა პროფილზე ანდრო ჭიჭინაძის ფოტოც და მერე ესეც წაიშალა და ვეღარც ამატებდნენ ანდრო ჭიჭინაძეს და ამბობდნენ, რომ მთლიანად ვოთსაფია წაშლილი“, - თქვა ადვოკატმა და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, გაირკვეს, რა მოხდა და სავარაუდო კანონდარღვევის შემთხვევაში პროკურატურამ მოახდინოს რეაგირება.
მსგავს შემთხვევაზე ისაუბრა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმაც.
დღეს, 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 ბრალდებულის საქმე განიხილება. ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. მათ გარდა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ათეულობით სხვა ადამიანის წინააღმდეგ.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ხუთ თვეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა.