ანექსირებული სევასტოპოლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დრონებით შეტევის შედეგად

2 hours ago 2

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ სევასტოპოლს 24 ივნისს სრულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, უკრაინის ძალებმა ქალაქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიეს. რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე დილით ადრე გამოქვეყნებულ ტექსტში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ ობიექტზე, ან ობიექტებზე იყო დარტყმა.

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ” ადგილობრივი გამომწერებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით სამი დარტყმა იყო სევასტოპოლის მთავარ ელექტროქვესადგურზე.

ე.წ. გუბერნატორმა რაზვოჟაევმა სევასტოპოლის მცხოვრებთ მოუწოდა, ეკონომიურად ისარგებლონ მობილური ტელეგონებით, ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ ერთდროულად არ ჩართონ ყველა ელექტრომოწყობილობა და საერთოდ, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ენერგომომარაგების აღდგენის დრო რაზვოჟაევს არ დაუსახელებია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში დრონებით 23 ივნისსაც დაარტყეს რამდენიმე ობიექტს, მათ შორის ქერჩის ელექტროქვესადგურს. ენერგომომარაგება შეუწყდა რამდენიმე რაიონს.

ეს არის ერთ-ერთი პასუხი უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მუდმივ დარტყმებზე.

სრულად წაკითხვა