"გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.
მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს", - ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ტექსტის მიხედვით, ისინი უარს აცხადებენ ამერიკული ფარას მსგავსი ქართული კანონის მიხედვით რეგისტრაციაზე, რადგან ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, მათ ამ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ. ორგანიზაცია არგუმენტაციას დაურეგისტრირებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, წერილობით გაუგზავნის ანტიკორუციულ ბიუროს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის გზავნილის ადრესატი EPRC-ის გარდა 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა:
- "საფარი";
- "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი";
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო";
- "მედიის განვითარების ფონდი";
- "სოციალური სამართლიანობის ცენტრი";
- "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]".
სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად, განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” - აქამდე პლატფორმამ უსაფრთხოების პირველი დონე ჩართო ასევე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების საქმეზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანტიკორუფციული ბიუროსგან პირველი წერილები ივნისში მიიღეს - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკის მქონე NGO-ებისგან უწყება სასამართლოს განჩინებით ითხოვდა დეტალურ ინფორმაციას საქმიანობის, ბენეფიციარების და პროექტების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციები კი თვლიდნენ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს არ აქვს და ეს პრეტენზია უკანონოა.
ორგანიზაციებმა ბიუროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ამის მიუხედავად, ისინი "არ აპირებენ მოქალაქეების ნდობის ღალატს" და კვლავ უარს ამბობენ სენსიტიური ინფორმაციის გადაცემაზე.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, - მათ შორის საგრანტო ხელშეკრულებები, - რომლებიც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორებთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან. გარდა ამისა, ბიურო ითხოვს „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“.
მათ შორის:
- თანხების გაცემის გრაფიკს;
- მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას - ყველანაირი დეტალის მითითებით;
- მიღება-ჩაბარების აქტებს;
- ხელფასის უწყისებს;
- ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას - საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
- მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
- დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელები, გვარები და პირადი ნომრები.
მოსამართლის განჩინება ეყრდნობა სამ კანონს:
- კანონი კორუფციის წინააღმდეგ;
- პარტიების კანონი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონი);
- გრანტების კანონი.
არ ყოფილა დასახელებული არც „აგენტების კანონი“ (2024 წელს მიღებული, ფორმალურად „გამჭვირვალობის კანონი“) და არც „აშშ-ის ანალოგიური უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).