ანტირუსული აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად ხვდებიან — რუსთაველი გადაიკეტა

1 week ago 47

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები შეიკრიბნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთთან.

ხალხის რაოდენობის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები არიგებენ წითლად შეღებილ კვერცხებს, პასკებს და სანთლებს.

მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე, სადაც აღდგომის დღესასწაულს ერთად უნდა შეხვდნენ, მისულები არიან ოჯახებთან ერთად, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებთან.

ქაშვეთის ტაძარში უკვე დაიწყო სააღდგომო ლიტურგიის შესრულება.

მსგავსი სააღდგომო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდისა და ქუთაისში.


რა ხდება?

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა. მაშინ, როცა მომიტინგეები სახლებისკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე უცნობი პირი მათ თავს დაესხა — როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროვოკატორები იყვნენ. შსს-ს აღნიშნულ ინციდენტზე არც თავად გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ნეტგაზეთის კითხვებს უპასუხა.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა