ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილემ, სერგეი ყანჩელმა განაცხადა, რომ საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც ექვსმა პოლიციელმა სასაფლაოზე წაიყვანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახე დანით დაუკაწრეს, იარაღით დაემუქრნენ და სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ყანჩელმა აღნიშნა, რომ ამჟამად ის უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
23 წლის ყანჩელის თქმით, 27 სექტემბერს, როდესაც ის სარბენად იყო გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე წაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა. „დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკედრზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“, – დაწერა ყანჩელმა „ფეისბუქზე“ 7 ოქტომბერს.
მისი თქმით, „წამება“, დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც პოლიცია წავიდა.
ყანჩელის თქმით, პოლიციის ქმედებები მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირდებოდა. მან აღნიშნა, რომ „ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“.
„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა“, – განაცხადა ყანჩელმა და დასძინა, რომ საჩივარი შეიტანა ძალადობაში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები