სახალხო დამცველი “ქართული ოცების” პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები.
საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომლითაც მკაცრდება აქციებისა და დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ პოლიტიკა. მათ შორის, იზრდება ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები “ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”.
“სახალხო დამცველი წლებია საუბრობს როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმების ხარვეზებსა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე. თუმცა, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა საშუალებას ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისი გაანალიზებისა და საფუძვლიანი განხილვების გარეშე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცვლილებების მიღება აზიანებს, როგორც თავად საკანონმდებლო პროცესს, ასევე ქმნის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.