არ დარჩება პასუხგაუცემელი – კალაძე ისევ ემუქრება კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს

2 weeks ago 8

თბილისის მერი კახა კალაძე ისევ ემუქრება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე.

როგორც კალაძე ამბობს, ეს იყო საბოტაჟის მცდელობა და პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს. ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.


1 დეკემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ  მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.  თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.

პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

სრულად წაკითხვა