„არ ვენდობი სისტემას!“ – ადვოკატის თქმით, აქტივისტი მირიან ბერულავა ამ სიტყვებისთვის დააკავეს

2 hours ago 3

ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა პოლიციამ 1 თებერვალს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] ედავებიან. ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფი სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. 

“დაკავებულია ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ იმისთვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიჩნიეს მირიანის ნათქვამი ფრაზა: " არ ვენდობი სისტემას", - აცხადებს ადვოკატი თევდორაძე. მისი განმარტებით, მირიან ბერულავა გამოსაკითხად ფეისბუკსტატუსის გამო მიჰყავდათ, სავარაუდოდ - რა დროსაც, პოლიციას უთხრა, რომ სისტემას არ ენდობა და ამისთვის დააკავეს.

1 თებერვლის, საღამოს 7 საათისთვის, ბერულავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა და გამოკითხვაზე გადაყვანას უპირებენ. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ შეძლეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

მანამდე, ბერულავამ ფეისბუკზე დაწერა: „თქვენი რომ შეგვეშინდება, მაშინ დავმარცხდებით. საქართველო ადექი - აჯანყდი!

მან გამოაქვეყნა მეორე პოსტიც: ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“. მეგობრები მის დაკავებას სწორედ ამ მეორე პოსტს უკავშირებენ.

სერბეთში, ფერმერები, თავიანთი ტრაქტორებით, აქციის მონაწილე სტუდენტებს მაგისტრალის გადაკეტვაში ეხმარებოდნენ. მაგისტრალის 24-საათით გადაკეტვას იქ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა. სერბეთში გამოყენებული პროტესტის ფორმა ინსპირაციად იქცა საქართველოში, რის შემდეგაც, 2 თებერვლისთვის, თბილისის შესასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქტივისტები გზის გადაკეტვასაც გეგმავენ.

პროტესტის მონაწილეები სწორედ გზის გადაკეტვის გეგმას უკავშირებენ აქტივისტების ბინების ჩხრეკისა და პოლიციაში გადაყვანის ფაქტებს, რაც 1 თებერვალს თბილისში მოხდა. პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე - რომლის სახლშიც მანამდე ჩხრეკა ჩატარდა.

ხოლო პოლიციის შენობიდან გვიან ღამით გამოშვებულმა ილია ღლონტმა, ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ მისი ბინის ჩხრეკისა და გამოკითხვის საფუძველი ფეისბუკზე გაზიარებული პოსტი აღმოჩნდა.

მირიან ბერულავა სოხუმიდან დევნილია და ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს სოფელში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ქუთაისში, რეგიონულ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა. ბერულავა ქუთაისში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.

ქუთაისში, ისევე როგორც თბილისსა და სხვა ქალაქებში, 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.

სრულად წაკითხვა