“არ ითხოვს გადაყვანას, ამბობს, რომ გაუძლებს” – ადვოკატი მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ

2 hours ago 2

ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს.

როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას.

მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხის ექიმებმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

“როგორც იქნა, ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია დღევანდელი მდგომარეობით. გვითხრეს, რომ ეს არის ბოლო დოკუმენტაცია. ახლა სპეციალისტებს ვაჩვენებთ, თავისთავად ცხადია და მერე შეგვეძლება ვთქვათ რამე სამედიცინო კუთხით. რაც შეეხება, სხვა თვალსაზრისით, 20 დღის ნაშიმშილები ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება. თუმცა, საოცარი ადამიანია და კი არ ცდილობს, რომ დაგანახოს, რომ სუსტად არის. პირიქით, ამბობს, რომ არა, ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით. გავუძლებ, იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე დამხარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს, რომ არა, ვუძლებ […]

21-ში იყო სისხლის საერთო. ჩავიბარეთ, ასევე, 28-ში რომელიც გაუკეთეს. ამ ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ და ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ დღევანდელის ჩათვლით ეს არის. თუმცა, შემდეგ კვირას გეგმავენ, როგორც მზიამ გვითხრა, უკვე სერიოზული კვლევების ჩატარებას, რომელიც აქ [ციხეში] ვერ ჩატარდება”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატი ამბობს რომ დაუსაბუთებელია მზია ამაღლობელის დაპატიმრება ორივე შემთხვევაში – როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. მწარიაშვილის შეფასებით, შეუსაბამოა მისთვის წარდგენილი ბრალიც. შეხვერდაზე მათ ეს საკითხებიც განიხილეს, თუმცა ადვოკატს საჯაროდ ამ დეტალებზე არ უსაუბრია.

მწარიაშვილის თქმით, ამაღლობელი თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წუხს შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ამავე დროს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გამახვილდეს და მისი პატიმრობა და შიმშილობა არ იყოს განხილვის “მთავარ თემა”.

“მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად, უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო. მანძილი უნდა გამოიაროს [ადვოკატთან შესახვედრად] და თავისთავად, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. უფრო ნელა საუბრობს, ვიდრე იქამდე. თუმცა, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. საქმესთან დაკავშირებით რაღაცებზე ვისაუბრეთ. მისი მოსაზრებები იცით. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყველაზე ჯერზე გვეუბნება, რომ მე არა ვარ მთავარი თემა. არაერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი ქვეყანაში. ევროსაბჭოს ამ ბოლო ამბებზე იყო ძალიან, ძალიან შეწუხებული”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ.

სრულად წაკითხვა